დიმიტრი ნადირაშვილი
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
EAGT და EAP აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი

თავი წიგნიდან  “ცხოვრება, როგორც განწყობათა გეშტალტები”.
გულივერის კომპლექსის ფენომენი, მისი სპეციფიკა, გამოვლინების სფერო, სიმპტომები და პრობლემის მოგვარების გზები.
დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა, რომელშიც მე-20 საუკუნის 70 წლებში ვმუშაობდი, უცნაური ოპტიკური სათვალე შეიძინა. მას სოლიდური ხელსაწყოს იერი ჰქონდა, ჩარჩოში სქელი, ორმხრივად ჩასმული ლინზები ზედმეტად ამობურცულად გამოიყურებოდა, რაც მნახველს უჩენდა განცდას, რომ საქმე ჩვეულებრივ სათვალესთან არ ჰქონდა – მართლაც, საკმარისი იყო, სათვალე გაგეკეთებინათ, საოცრება ხდებოდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდებოდა. ეს იმდენად დამაბნეველი იყო, რომ როდესაც ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ხელის ცხვირწინ გაწვდაც კი გამიჭირდა, არაფერი რომ ვთქვა სივრცეში მოძრაობასა ან უბრალოდ სიარულზე. გარემო ამოტრიალების გამო იმდენად იცვლებოდა, რომ ელემენტარული ქცევები, რომლებიც ჩვეულებრივ არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდნენ, ამ რეალობაში მხოლოდ მთელი ძალისხმევით შეიძლება შემესრულებინა. მაგალითად, ამეღო ფანქარი და ფურცელზე სიტყვა დამეწერა. სათვალესთან დაკავშირებით უცნაურობა ამით არ ამოიწურა. ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ პარადოქსულ ეფექტს: თუ ადამიანი ამ სათვალეს სამი დღის განმავლობაში მოუხსნელად ატარებდა, უეცრად ყველაფერი ისევ კომფორტულად გადმოტრიალდებოდა, სამყარო კვლავ ფეხზე დგებოდა, გადატრიალების ეფექტი ქრებოდა. ეს უეცარი მეტამორფოზა ორგანიზმის უჩვეულო გარემოსთან ადაპტაციით აიხსნება. ეფექტს, რომელსაც მე “გულივერის კომპლექსს” ვუწოდებ, კავშირი აქვს ახლა აღწერილ ოპტიკური სათვალის ადამიანზე ზემოქმედებასთან. ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება მოვლენები, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ჩვენ ვდგებით სიძნელის წინაშე, როგორ ვიცხოვროთ ამგვარ ამოტრიალებულ რეალობაში?! სწორედ ამ საკითხს ეხება ჩვენი თემა.
რა ფენომენია გულივერის კომპლექსი? ესაა კონფლიქტი მე-სა და მკვეთრად შეცვლილ გარემოს შორის. მე-ს და ცხოვრების მოულოდნელად გაჩენილ ფონს შორის. ის კონფლიქტია, რომელიც გათამაშდა ჯონათან სვიფტის რომანში “გულივერის მოგზაურობა”, როდესაც ახლად თვალგახელილი გულივერი გაკვირვებული უყურებდა ლილიპუტების სამყაროს, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა. გულივერი ანალოგიური პრობლემის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, როდესაც ასევე მოულოდნელად გიგანტების სამყაროს ფონში ამოყო თავი. გულივერი – ერთი და იგივე ადამიანი განსხვავებულ ფონში – სრულიად სხვაგვარად წარმოჩინდება. ლილიპუტებში ის ყოვლისშემძლე მძლეთამძლეა, ხოლო გიგანტებში – უსუსური სათამაშო. მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ გულივერი არაა მზად იცხოვროს ახალ ფონში. პრობლემას ქმნის მოულოდნელი ფონი, რომელშიც გულივერი აღმოჩნდა. ჩვენც, ზოგჯერ, გულივერის მსგავსად, აღმოვჩნდებით ხოლმე მკვეთრად შეცვლილ ცხოვრების ფონში. არადა, მომართული ვართ იმ ფონისთვის, რომელიც გაქრა და აღარაა. არ ვართ მზად ჩვევებით და გამოცდილებით იმ ფონში სამოქმედოდ, რომელიც ჩვენდა უეცრად წარმოიშვა. ასეთ ვითარებაში საფრთხე იმდენად დიდია, რომ ადამიანი ყოფნა-არყოფნის წინაშე დგება. ჩვეულებრივ, კონფლიქტი მე-სა და ობიექტს ან მოვლენას შორის მიმდინარეობს. გულივერის კომპლექსის შემთხვევაში, კონფლიქტი მე-სა და სამყაროს, მე-სა და ფონს შორის ხდება. ამ კონფლიქტის პრელუდია ასეთია: მე-ს სხვა ფონსა და გარემოში აქვს ცხოვრების გამოცდილება, ამიტომ რეალურ, ახალ ფონს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველისგან, მე ყოფისთვის გამოსადეგად ვერ აღიქვამს; ან აღიქვამს, მაგრამ რადგანაც არ აქვს მასთან მიმართების ჩვევები და გამოცდილება, ამიტომ ისე იქცევა, როგორც ძველ ფონში იქცეოდა. შედეგად, არაფერი გამოსდის, ადამიანი ფრუსტრირებულია და მისი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი. გულივერის კომპლექსის გაგებისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ფონში მე-ს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ფიგურები არსებობენ, მაგრამ იქ მოხვედრილ ადამიანს უჭირს მათი აღმოჩენა და ხშირად მიაჩნია, რომ მისი დამაკმაყოფილებელი ფიგურები არ არსებობენ. მართლა რომ არ არსებობდეს, საქმე სრულიად განსხვავებულ ვითარებასთან გვექნებოდა. გულივერის კომპლექსის დროს პრობლემა ფონთან მიმართებაში დაბნეულობის გამო წარმოიშვება. პიროვნება ახალ ფონშია მოხვედრილი და ისე იქცევა, თითქოს ძველ ფონში იმყოფებოდეს, შედეგად ფრუსტრირებული, დაუკმაყოფილებელი და დაბნეულია. ახალ ფონში ადაპტირება-მორგება განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებას საჭიროებს. ამისათვის კი, ადამიანმა სრულიად ახლებურად უნდა დაინახოს თავი ახალ ფონში და ისე იმოქმედოს. ახალი ფონი საკუთარი თავის ხელახლა იდენტიფიკაციას საჭიროებს.
შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა სიტუაციასა და განვითარების ეტაპებზე შეიძლება იჩინოს თავი გულივერის კომპლექსმა. მას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც გარემოში რადიკალური ცვლილებები ხდება. ეს შეიძლება იყოს ბავშვის მიერ სახლის რეალობიდან საბავშვო ბაღში წასვლა, ოჯახური გარემოდან მოულოდნელად სკოლის რეალობაში აღმოჩენა, სამხედრო სამსახურში გაწვევა, ციხეში მოხვედრა, ემიგრაცია, ასევე ხანდაზმულობის გამო პენსიაზე გასვლა, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, განსხვავებულ კულტურაში მოხვედრა-მოგზაურობა, კოსმონავტების უცხო გარემოსა და პლანეტაზე აღმოჩენა. თითოეულ ამ სიტუაციაში რადიკალურად იცვლება ცხოვრების ფონი, რაც კონფლიქტს ქმნის. ადამიანი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგება, ის ფრუსტრირებული, დაკარგული, დაბნეული, გაუცხოვებულია. 
გულივერის ფენომენი, ანუ მე-ს ფონთან კონფლიქტი, როგორც ინდივიდის და საზოგადოების ეგზისტენციალური პრობლემა სხვადასხვა ერის გამოცდილებამ და კულტურამ თავისებურად გადმოსცა; ჩინელები ამბობენ – არავის ვუსურვებ დროთა გარდატეხის ეპოქაში ცხოვრებას. ქართველები ვამბობთ – ახალ ღვინოს ძველ ტიკებში არ ასხამენ. იგივე აზრი ქმედებაში ბიბლიურად ასე გამოიყურება: მოსემ აღთქმულ ქვეყანაში მონობაში დაბადებული ადამიანები პირდაპირ არ შეიყვანა, ორმოცი წელი უდაბნოში ატარა, რომ თავისუფლებაში გაჩენილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ნანატრ ახალ ფონში იცხოვრებდნენ.
რა ბუნება გააჩნია გულივერის კომპლექსს? ფონის შეცვლა ლილიპუტიაში და გიგანტებთან აჩენს კითხვებს: ვინ ვარ, სად ვარ და როგორი ვარ. ადამიანი რა სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდეს, თითქოს იგივე უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არაა. გულივერი უდიდესი ძალის მქონეა ლილიპუტიაში, ის ერთი ხელის მოსმით შემძლეა გაანადგუროს მთელი ფლოტი. კონფლიქტური სახელმწიფოებიდან ვის მხარესაც იქნება, ის ადვილად გაიმარჯვებს, რადგან დიდია მისი ფიზიკური ძალა. გიგანტებში კი ის უსუსური გასართობი სათამაშოა, არავითარი ძალისა და წონის მქონე. მაშასადამე რა პასუხი უნდა ჰქონდეს გულივერს კითხვაზე, თუ ვინაა და რას წარმოადგენს? გაუგებარია, ყველაფერი ფარდობითია. უსუსურობა ძლიერებით იცვლება, იმისდა მიხედვით, გულივერი როგორც ფიგურა, როგორ ფონშია. საქმე უფრო რთულადაა, როცა ფიზიკური ძალის გარდა სხვადასხვა ფონში განსხვავებული ფასეულობებია გაბატონებული, ამიტომ რა ფასეულობას სჭირდება დაცვა და რომელია მე-ს იდენტური, ფონის გარეშე თქმა შეუძლებელია. ეს კონფლიქტი ადამიანის წინაშე ასეთ კითხვებს აჩენს: ძლიერი ვარ თუ სუსტი? ჭკვიანი თუ სულელი? ღირსების მქონე თუ უღირსი? პასუხი ამ კითხვებზე ფონის გათვალისწინების გარეშე ვერ გაიცემა.
უცნობ, მიუჩვეველ ფონში მოხვედრა და ცხოვრება სირთულეებს აჩენს. დაბნეულობა კონფლიქტებს წარმოშობს და ყველაფერი თავდაყირა დგება. მსოფლიო ისტორიაში ამგვარ ვითარებას დიდი და მცირე მასშტაბით არც თუ იშვიათად ჰქონია ადგილი. კერძოდ, რუსეთში, 1917 წლის რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ცხოვრების ფონი. რუსეთის თავგზააბნეულმა არისტოკრატიამ ამას ვერ გაუძლო და ქვეყნიდან გაიქცა. უმრავლესობამ ევროპაში სცადა ცხოვრების გაგრძელება. ვინც რუსეთში დარჩა, გაქცეულებზე უფრო მძიმედ განიცადეს საბჭოთა კავშირის ‘’სოციალისტურ” ფონში ცხოვრება. იმის გამო, რომ რთული იყო ახალ საბჭოთა ფონში მორგება, თითქმის არავის ასცდა რეპრესიები, სიკვდილი და პატიმრობა. რუსეთის იმპერიის გარდა, ახალ ფონში ცხოვრების სიმწარე განიცადა ფაშისტურმა გერმანიამ და მისმა მოსახლეობამ, როდესაც ორად გაყოფილი ქვეყნის ახალ ფონთან შეგუება გახდა აქტუალური და მძიმე. როგორც ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა მომიყვეს, წინა რეჟიმის მაქებარი ბევრი წარმომადგენელი ფსიქოლოგიური სიძნელეების გამო ამ თემაზე დუმილს არჩევდა. ვინც ალაპარაკდა და გაცნობიერება დაიწყო, საოცარ ინსაიტებს ჰქონდა მათ ცხოვრებაში ადგილი. კიდევ ერთი მაგალითია საფრანგეთის რევოლუციით ევროპაში შექმნილი ახალი ფონი. ამ რევოლუციამ შეცვალა არა მარტო ფრანგების, არამედ ევროპელების ყოფა და ისტორია. ცხოვრება არა მარტო ტერორმა გარდაქმნა, როდესაც სისხლი იღვრებოდა და თავები ცვიოდა, არამედ ახალმა ფასეულობებმა რომელიც ადამიანებისთვის (არისტოკრატია-მოსამსახურეები) ისეთივე ახალ და რთულ ადაფტირებას მოითხოვდა როგორიც გულივერს დასჭირდა ლილიპუტიაში.
“გულივერის კომპლექსს” განვიცდით ჩვენც, პოსტ საბჭოთა პერიოდის საქართველოში. ჩვენ, ქართველებმა, საბჭოთა ოკუპაციასა და ტირანიას თავი დავაღწიეთ და ეს საერთო ეროვნულად შეფასდა როგორც გამარჯვება, მაგრამ სწორედ აქ იწყება გულივერის კომპლექსი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ახალ ფონში, ცხოვრება საშინლად გართულდა. ჩვენ თურმე არაცნობიერად მორგებული და აკლიმატიზირებული ვყოფილვართ საბჭოთა სივრცესთან, რომელშიც ქართველი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. იმ ფონთან შემოქმედებითმა მორგებამ შექმნა ქართული კულტურა-კინო, თეატრი, სპორტი, მეცნიერება, ყოველივე ეს მაღალ საფეხურზე იყო წარმოდგენილი. რეალური ახალი ფონი სრულიად გაუგებარი და უცნობი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეთათვის; ვერ ვიტყვით, რომ მთლად მტრული, მაგრამ ნამდვილად იმდენად უცხო და იმდენად არაკომფორტული აღმოჩნდა, რომ თითქმის მთელი ეროვნული მონაპოვარი ერთი ხელის მოსმით გაქრა; მათ შორის ქართული კინო, თეატრი, ფეხბურთი, მეცნიერება, საშუალო სკოლაში სწავლების დონე, სამეცნიერო ინსტიტუტები-ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და კიდევ მრავალი სხვა. ამას დაემატა საქართველოს ოკუპაცია და სიღარიბე. შედეგად, ქუჩაში, რუსთაველზე მოსიარულეთა სახეზე გაქრა ღიმილი და ცხოვრების ხალისი. ქართული სოფელი დაცარიელდა. დაინგრა სოფლის მეურნეობა, იქაურმა მოსახლეობამ ლუკმა პურის საშოვნად თბილისს მიაშურა. ქალაქი გახდა უზარმაზარი და უმუშევარი მოსახლეობით სავსე. ჩვენს წინაშე დადგა საკითხი, როგორ ვიცხოვროთ ევროპისა და მსოფლიო ფონში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საბჭოთასგან? ამ პრობლემის გადაჭრა ახალ ფონში საკუთარი თავის პოვნასა და აღმოჩენას, მოითხოვს. ჩვენ იგივე არა ვართ მსოფლიო ფონში, რაც ვიყავით საბჭოთაში. იმის თქმა, თუ როგორები ვართ, ადვილი არაა, რადგან ეს ახალ აღმოჩენებს, ინსაიტებს საჭიროებს. ჩვენ ეს აღმოჩენები და იდენტიფიკაციები საკუთარ თავთან მიმართებაში ჯერ არ გაგვაჩნია. არსებული ვითარება ჩვენთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა. შექმნილი ვითარების ანალიზი მიგვანიშნებს პრობლემის მიზეზზე, რომელიც ახალი ფონია. სასიცოცხლო გარემო, რომელიც მასში მყოფ ადამიანებისთვის არაა ნაცნობი, უცხოა და ამიტომ ცხოვრებისთვის მოუხერხებელი.
ფონის ნგრევა და “გულივერის” კომპლექსის მქონე ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ტრაგიკული დრამატიზმით იცვლება, ასახულია მხატვრულ რომანებშიც. მიხაილ ბულგაკოვის ‘’გაქცევა” და მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”. ამ თემას ფანტასტურად გადმოსცემს რეი ბრედბერიც “მარსიანული ქრონიკებში”
ბულგაკოვი აღწერს 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რეალობას. რუსეთში ყველაფერი თავდაყირა დგება. რომანში ფსიქოლოგიური დრამატიზმით გადმოცემულია იმპერიის ნგრევის შემდეგ რუსი არისტოკრატიის დაბნეულობა, შიში და სასოწარკვეთილება. ეს ადამიანები წითელ რუსეთიდან გარბიან ჯერ სტამბულში, იქიდან კი პარიზში. ამასთან გაქცეულ-ემიგრირებულებიდან თითოეული ფეხქვეშ საყრდენს კარგავს. მათი ფუფუნებაში ცხოვრების მოთხოვნილებები და ჩვევები რადიკალურად იცვლება. ეს ყოვლისშემძლე, ძლევამოსილი ადამიანები ახალ ფონსა და რეალობაში სრულიად იცვლებიან, საკუთარ თავს და ერთმანეთს ვეღარ ცნობენ, გაუთავებლად ჩხუბობენ და დეგრადაციას განიცდიან. იმისათვის, რომ ახალ რეალობაში გადარჩენა შეძლონ, ძირფესვიანად უნდა შეიცვალონ, უარი თქვან წარსული ცხოვრების ნორმებსა და განწყობებზე, რაც არავის  გამოსდის. რუსეთში ფუფუნებაში გაზრდილ ქალბატონებს პროსტიტუცია უწევთ, ხოლო რუსეთის არმიის ოფიცრებს ცირკში გამოსვლა და ჯირითით მაყურებლების გართობა. ეს ყველაფერი ემიგრანტებში ნევროტული დეპრესის და ყოფისადმი საზრისის დაკარგვას იწვევს. ესაა სიძნელე, რომელიც ადამიანის ჩვეული გარემოდან რადიკალურად განსხვავებულში მოხვედრას მოსდევს. გეშტალტთერაპიაში ეს ფიგურის უცნობ ფონში მოხვედრის სპეციფიკაა, როდესაც ეს ფიგურა ამ განსხვავებულ ფონში კარგავს მის წარსულ მნიშვნელობას და სრულიად გაუგებარია თუ ახალ ფონში რა სახე შეიძლება მიიღოს. ასეთი ტრაგიკულია გულივერის კომპლექსი რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. ფსიქოლოგიურად ასეთი აუტანელია ფონის შეცვლა და რევოლუციური გარდაქმნები.
სინამდვილის ფონის შეცვლის, იგივე პრობლემაა ოღონდ უკვე ქართულ რეალობაში ტრაგიკულადაა წარმოჩენილი მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებში”. ეს რომანი მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ პოსტრევოლუციურ რეალობაში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი თეიმურაზ ხევისთავი კარგად განათლებული, შეძლებული, ქართველი არისტოკრატია, ჰყავს მომხიბვლელი და განათლებული მეუღლე, მაგრამ რევოლუცია რადიკალურად ცვლის მის ცხოვრებას. თავადობა სოციალურ ფუნქციას კარგავს, თეიმურაზს ფეხქვეშ საყრდენი ეცლება. მისი ღრმა ევროპული განათლების მიუხედავად სკოლის მასწავლებელადაც კი ვერ ახერხებს მუშაობას, ცხოვრებაში სხვა ფუნქციის შესრულებასაც ვერ ახერხებს. მეუღლესთან არსებული სასიამოვნო ურთიერთობაც ახალ ფონში ქრება და ორთქლდება. თეიმურაზის მოჯამაგირე, ხეპრე და გაუნათლებელი ჯაყო, იმის გამო რომ, ყოფილი თავადი ახალ რეალობაში უხერხემლობას იჩენს, ჯერ მის ქონებას იგდებს ხელში, შემდეგ კი მის მეუღლესაც დაისაკუთრებს. საბოლოოდ, საქმე იქამდე მიდის, რომ თავად თეიმურაზს მოჯამაგირედ აქცევს. ყოფილი თავადი მომხდარით შეძრწუნებული და განადგურებულია. ის ჰამლეტის მსგავსად ყოფნა-არყოფნის კითხვის წინაშე დგას, მაგრამ ჰამლეტისგან განსხვავებით, ახალ რეალობაში ვერანაირ პასუხს ვერ პოულობს. ასეთი ტრაგიკული ფინალი აქვს რომანს, რომელსაც გეშტალტთერაპიის პრიზმით თუ შევხედავთ, დავინახავთ ტრაგედიას, რომელიც ფონის შეცვლამ გააჩინა.
ალექსანდრე სოლჟენიცინი “არქიპელაგ გულაგში” აღწერს საბჭოთა კატორღას, რომლის ფონიც იმდენად ჯოჯოხეთურია, რომ მასში ცხოვრება კი არა, აღწერილის წაკითხვაც კი ტანჯვას ბადებს. ადამიანები იმდენად არ იცნობენ, არ ელიან ამგვარ ფონს, რომ მორალურად კვდებიან, ვერ ადაპტირდებიან ასეთ შეცვლილ რეალობაში. სოლჟენიცინი რომანში იხსენებს ერთ ნიუანსს: დაპატიმრებისას, თუ როგორ ცდილობდა ფანქრების შენარჩუნებას, ზედამხედველებს რომ არ ჩამოერთმიათ. მას შემდეგ, რაც ფანქრებიც ჩამოართვეს და ტანსაცმელიც აწაპნეს, უკვე ახალი გამოცდილებით ხვდება, რომ თავისივე ნებით უნდა გამოეთხოვოს ყველა საგანს, რომელიც წინა რეალობასთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პატიმრობის ფონში ადაპტირება.
რეი ბრედბერი მარსიანულ ქრონიკებში ფონის ფანტასტიკურ სურათს ღწერს. ერთმანეთს გადაეყრებიან ერთი და იგივე ქალაქიდან მომავალი და მიმავალი მარსზე მოხვედრილი ადამიანი და მარსიანელი ზეგონიერი არსება. მარსიანელი ადამიანის ენას იგებს და მათ შორის დიალოგი იმართება. როგორც აღმოჩნდა, ისინი დროში აცდენილნი არიან. მარსიანელს ქალაქში მიეჩქარება და ის მისთვის სიცოცხლით სავსე ჩანს, სადაც დროის გასატარებლად მიეჩქარება, ხოლო ადამიანი მხოლოდ ამ ქალაქის, ამ ცივილიზაციის ნანგრევებს ხედავს. ისინი განსხვავებულ ფონს ხედავენ და გაოცებულები ერთმანეთის აბსურდული ლაპარაკის მოსმენით, სრულ გაუგებრობაში შორდებიან ურთიერთს. დედამიწელი ფიქრობს, რომ ვიღაც შეშლილს გადაეყარა, ზუსტად იმავეს ფიქრობს მარსიანელიც. ასე გამოიყურება ბრედბერისთვის განსხვავებული ცივილიზაციების შეხვედრა მათი სრულიად განსხვავებული ფონის გამო, რომელიც ერთმანეთის დანახვისა და ურთიერთობის საშუალებას არ იძლევა.
ყველა ამ ნაწარმოებს ერთი რამ აერთიანებს: ფონის შეცვლით წარმოშობილი ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელსაც ჩვენ განზოგადებით “გულივერის კომპლექსი” ვუწოდეთ. კომპლექსი, რადგან ყოველი ადამიანისთვის ახალ ფონის რეალობაში აღმოჩენილს ახასიათებს, ძველი ფონის, რომელიც რეალობაში აღარაა, და გაქრა ინერციით მოქმედება. ახალ რეალობაში ძველი რეალობის გამოცდილებით ქცევა და ცხოვრებაა “გულივერის კომპლექსით” მოქმედება, რომელიც არაეფექტურია. მე ხშირად შევსწრებივარ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული ცხოვრების ფონის გამოცდილება აქვთ და გარკვეულ საკითხზე კამათობენ, ვერ თანხმდებიან. ამასთან, გაკვირვებული არიან ერთმანეთის მიუხვედრელობით; რეალური პრობლემა კი სწორედ მათი განსხვავებული ფონი, ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომლის გამოც ერთი და იგივე ქცევა ერთს სამაგალითოდ მიაჩნია, მეორეს კი უღირსად.
გულივერის კომპლექსი, ახალ ფონში ადაპტირების პრობლემა, კავშირშია ცოცხალი სამყაროს ევოლუციის პროცესთან. როგორც ადამიანს, ასევე ცოცხალ ბუნებას ახასიათებს ევოლუციური და რევოლუციური განვითარება. ევოლუციას, დროისა და სივრცის კატეგორიებით რომ შევხედოთ, ცვლილებები, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმები განიცდიან, შეიძლება დავუკავშიროთ მათ მცდელობას აწმყო დროსა და სივრცეში მოერგონ რეალობას. საკუთარ შინაგან რესურსებზე დაყრდნობით ადაპტირდნენ რეალობასთან. ევოლუცია ეს ცოცხალი ორგანიზმის ახლა და ამჟამად მორგების მცდელობაა. იგივე შეიძლება ითქვას რევოლუციაზე. როდესაც ცოცხალი ორგანიზმის ხანგრძლივი დროის მანძილზე რეალობასთან შეგუება არ ხდება, ის რადიკალური რევოლუციური ცვლილებებით ცდილობს მოერგოს მისგან დაშორებულ რეალობას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმი ადამიანის მსგავსად, ფოკუსში აქცევს ერთი მხრივ გარემოს, მეორე მხრივ საკუთარ თავს და, ცდილობს შემოქმედებითად მოარგოს ერთი მეორეს. ამ დროს ფსიქოანალიზური ტერმინოლოგიით ადგილი შეიძლება ჰქონდეს ალოპლასტიურ ან ავტოპლასტიურ მორგებებს. განწყობის თეორიის ტერმინოლოგიით – ასიმილაციას ან აკომოდაციას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მცდელობა წარმატებით დამთავრდა, ევოლუციონირებული ცოცხალი ორგანიზმი გადარჩება და განაგრძობს ცხოვრებას, თუ კი წარუმატებლად დამთავრდა, მაშინ იღუპება და წყვეტს არსებობას. ასე შეიძლება აღვიქვათ ევოლუცია ცოცხალი ორგანიზმის დროსა და სივრცესთან მიმართებაში. რას ნიშნავს ფონის ჩამოშლა ევოლუციისა და რეალობასთან მორგების კონტექსტში? ფონის ჩამოშლა ეს რადიკალური ცვლილებაა გარემოში, ამიტომ ორგანიზმს განსაკუთრებულად უძნელდება ასეთ ფონთან მორგება. ძველი განწყობები მას ვეღარ შველის, აღარ ადგება. საჭიროა ახალი განწყობები, რადიკალური ცვლილებები, აქვს თუ არა ორგანიზმს ამისთვის საჭირო რესურსები, ასე დგას საკითხი, როდესაც რადიკალურად განსხვავებულ ფონთან მორგებას ეხება საკითხი. არიან დიდი რესურსების მქონე ორგანიზმები და არიან მწირი რესურსების მქონენი. აქედან გამომდინარე, ზოგი დაიღუპება, ზოგი კი შინაგანი რესურსების ხარჯზე გადარჩება. ეს ერთნაირად ითქმის როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ისე ადამიანზე. ორივეს სჭირდება საკუთარი რესურსებისგან ახალი განწყობების შექმნა, ახალ ფონში ადაპტირებისათვის. რადგან სიცოცხლის პროცესი დროის მიმდინარეობასა და სივრცის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, ადაპტირების აუცილებლობა ცოცხალ ორგანიზმს მუდამ უდგას. ჩვეულებრივ სიტუაციაში, დრო რადიკალურად არ ცვლის სივრცეს, ამიტომ ადაპტირებისთვის დიდი ძალისხმევა არაა საჭირო, მაგრამ როდესაც ფონის ჩამოშლას აქვს ადგილი, ახალ, უჩვეულო ფონში ადაპტირება ძალიან რთული ხდება.
ჩვენს სამყაროში ყოველ ისტორიულ ჟამს დგას პრობლემა, თუ როგორია ცხოვრების ფონი და როგორ შეიძლება მასთან ადაპტირება, მორგება. ერთ-ერთი უმთავრესი და უძნელესი ამოცანა, რომელიც პიროვნების წინაშე დგას, ეს სოციალურად ჰუმანური, ადამიანური ფონის შექმნის მცდელობებია. საზოგადოება მტკივნეულად განიცდის, ეწინააღმდეგება ასეთ მცდელობაბს. ადამიანთა უმრავლესობა უკიდურესად კონფორმულია, ვერ აღიქვამს სიახლეს, ნოვატორობის სიკეთეს. ქრისტემ ჩვენი წელთაღრიხცვის დასაწყისში სოციალური ცხოვრების ახალი ფონი შემოიტანა. ძველი აღთქმის “კბილი-კბილის წილ და თვალი-თვალის წილ” შეცვალა მოძღვრებით, რომელიც ემყარება იდეას – “გიყვარდეს მტერი შენი”. იმდროინდელმა და არა მარტო იმდროინდელმა საზოგადოების უმრავლესობამ არ მიიღო ეს ჰუმანური სიახლე. ისტორიას ამის მსგავსად ახსოვს კიდევ სამი ფონის შეცვლა, როგორც მათ მოიხსენიებენ, სამი შეურაცხმყოფელი სილის გაწვნა კაცობრიობისთვის. ამ სამ ისტორიულ პიროვნებად მოიხსენიებენ კოპერნიკს, დარვინს და ფროიდს. თითოეულმა მათგანმა რადიკალურად შეცვალა ტრადიციული ხედვა სამყაროს შესახებ. ჩვენი თხრობის ტერმინოლოგიით, სამივემ შეცვალა ადრინდელი ფონი, რომელშიც ცხოვრობდა კაცობრიობა. თითოეული ეს პიროვება დაჯილდოვებული იყო ისეთი ჩვენ მიერ დახასიათებული თვისებებით, როგორიცაა პიროვნულობა, მთლიანობა, ცხადგრძნობები.
გულივერის კომპლექსის დახასიათებისას აღვნიშნე, რომ როდესაც გარე სამყარო რადიკალურად იცვლება, ადგილი აქვს ფონთან, გარემოსთან გაუცხოვებას. ამ ფენომენის ღრმად გასაგებად მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რა ხდება როდესაც გარემო არა მკვეთრად, არამედ ოდნავ იცვლება? აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემო ოდნავ მუდმივად იცვლება. ჩვენი რეალობა, როგორც ჰერაკლიტე ამბობს, მეტაფორულად მდინარეა, რომელშიც ერთი და იგივე წყალში ორჯერ ვერ შეხვალ, რადგან ის უკვე სხვა იქნება. ისმის კითხვა, თუ როგორ ვეგუებით ცვალებად რეალობას? ის ხომ მუდმივად იცვლება და ყოველ ახალ რეალობაში სხვაა? ჩვენ მუდმივად გვიწევს ახლებური მიმართების დამყარება მასთან თუ საქმე რაღაც სხვაშია? სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხზე იძლევა პასუხს განწყობის ანთროპული თეორია და, კერძოდ, შოთა ნადირაშვილი, რომელმაც აღმოაჩინა ასიმილაციური და კონტრასტული ილუზიების მნიშვნელობა, თუ რა ფუნქციას ასრულებენ ისინი ადამიანის რეალობასთან ადაპტაცია-მორგებაში. ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში პასუხგაუცემელი იყო განწყობის თეორიაშიც, სანამ შოთა ნადირაშვილმა ეს პრობლემა არ ამოხსნა. და აი პასუხიც: განწყობის ექსპერიმენტებმა გვიჩვენა, როდესაც ჩვენ გარკვეული განწყობა გვაქვს საგნის ან მოვლენის მიმართ და ეს საგანი ან მოვლენა ოდნავ იცვლება, ჩვენ მასთან მიმართებაში არ ვცვლით ჩვენს განწყობას, ამის მაგიერ თავად საგანს და მოვლენას ილუზორულად აღვიქვამთ, ვცვლით ძველით და მასთან იგივე დამოკიდებულება-განწყობით ვამყარებთ მიმართებას, როგორც ძველად. ამას განწყობის ფსიქოლოგიის ენაზე ასიმილაციური ილუზია ჰქვია. ასიმილაციური ილუზიით ახალ საგანთან ჩვენ ძველებურად ვიქცევით და მას ვიახლოვებთ საგნის მცირედ უზუსტოდ აღქმით. რა ხდება როდესაც საგანი ან მოვლენა რადიკალურად იცვლება? ამ დროს ჩვენ გვიჩნდება მისდამი კონტრასტული ილუზია, რაც იმაში გამოიხატება, რომ საგანი ან მოვლენა ჩვენგან კიდევ უფრო შორეულად აღიქმება ვიდრე რეალურად არის როდესაც ილუზიას ადგილი არა აქვს. ისმის კითხვა თუ რა ფუნქცია აქვს კონტრასტულ ილუზიას ამ დროს? კლევების ანალიზით გაირკვა რომ კონტრასტულ ილუზიას დანიშნულება აქვს და ის იმაში მდგომარეობს რომ შეუძლებელი ხდება ძველი განწყობით საგანთან ურთიერთობა, ამიტომაც აუცილებლობა შემოდის შეიცვალოს ძველი განწყობა ახლით, რომელიც გამოსადეგი იქნება სინამდვილის ადექვატურად აღსაქმელად. ამგვარად, კონტრასტული ილუზიის ფუნქციაა ძველი განწყობის ახლით, ადექვატურით შეცვლა. შედეგად ადამიანი კონტრასტული ილუზიის გამო “ანგრევს” ძველს და “აგებს” ახალ განწყობას და ამით ახერხებს რეალობის ადექვატურად აღქმას. ფსიქოანალიზური ცნებებით რომ ვიმსჯელოთ, ასიმილაციური ილუზიით ადამიანი ალოპლასტიურად გარდაქმნის რეალობას და მიისადაგებს, ხოლო კონტრასტული ილუზიით ავტოპლასტიურად თვითონ შეიცვლება და ამით მოერგება რეალობას. ეს პრობლემა ტრიალებს ჩვენ მიერ ირონიულად დანახულ მუჭანახევარას თავს, როგორც უბედურება. როგორ იქცევა იგი და რა არის მისი შეცდომა როდესაც “ვერ ივარგა” და უმარილოდ დარჩა? მუჭანახევარას განწყობის თეორიის პრიზმით რომ შევხედოთ, ის იქ, სადაც კონტრასტული ილუზიით უნდა მოქმედებდეს, ასიმილაციური ილუზიით მოქმედებს. სადაც საკუთარი განწყობა უნდა შეიცვალოს მისი უადგილობის და არაადექვატურობის გამო (მაგალითად, დასაფლავებაზე ის არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ქორწილში), ის დამოკიდებულებას არ ცვლის და კვლავ გალახულია. მუჭანახევარა იმ შემთხვევაში იშოვნის მარილს, თუ ცვალებად გარემოში კონტრასტულად იმოქმედებს, შეცვლის საკუთარ განწყობას, იგივე განწყობით არ მოიქცევა, რომლითაც წინა სოფელში მოქმედებდა.
გულივერის კომპლექსი რთულ და ძნელად გადასალახ კონფლიქტად იქცევა, როდესაც ადამიანმა ამ ფენომენის შესახებ არაფერი იცის. მკვეთრად განსხვავებულ გარემოში ადამიანის წარსული გამოცდილებით შემუშავებული განწყობები გამოუსადეგარია, ისინი შეცვლას საჭიროებენ. ამ სიძნელეთა გასაცნობიერებლად მინდა განწყობის თეორიის პრიზმიდან დავინახოთ ეს კრიზისი. განწყობის ანთროპულ თეორიის მიხედვით ადამიანის მე-სელფი სამი დონის განწყობათა ერთობლიობით შექმნილი მთელია. ამ მთელის ნაწილებია ინდივიდის, სუბიექტის და პიროვნების დონის განწყობები. გულივერის კომპლექსით წარმოშობილი კონფლიქტი სამივე დონეზე პრობლემებს აჩენს. გავარკვიოთ, თუ რახდება თითოეული განწყობის დონეზე?
ადამიანის ინდივიდის დონე წარმოადგენს ბიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებებს, როგორიცაა შიმშილი, წყურვილი, სექსუალობა, ასევე სოციალური სახის მოთხოვნილებები-პრესტიჟი, ძალაუფლება, მოდურობა და ა.შ. დამაკმაყოფილებელ განწყობებს. რა მოსდის ადამიანს, როდესაც ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების გარემო რადიკალურად იცვლება? ასეთ ფონში ცხოვრება წარმოუდგენლად რთულდება. სავარაუდოდ მსგავსი სიძნელეები შეექმნათ დინოზავრებს და გადაშენდნენ, როდესაც გარემო მკვეთრად შეიცვალა, ცხოვრების ფონი შეიცვალა და შეუძლებელი გახდა სხვა მოთხოვნილებებთან ერთად შიმშილის დაკმაყოფილება. გარემო დიდად განაპირობებს მოთხოვნილების დაკმაყოფილება დაუკმაყოფილებლობას. გარემო ასევე განაპირობებს გარკვეული სოციალური მოთხოვნილებების შეცვლა-გაქრობას. რევოლუციური ტერორის გარემოში, როდესაც თვითგადარჩენის მოთხოვნილება მეფობს, ქრება და ნიველირდებიან ესთეტიკური და ეთიკური მოთხოვნილებები, ისინი სახეს იცვლიან და არსებული გარემოსთვის შესატყვის იერს იღებენ. გარე რეალობის კარდინალური, 180 გრადუსით შეცვლა აძნელებს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რადგან ადამიანები არ არიან მზად შესაბამისი განწყობებით, შედეგად განადგურების საფრთხის ქვეშ დგებიან. გადარჩენისთვის აუცილებელია გარდაქმნა, განწყობების შეცვლა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება გარემოსთან ახალი მიდგომების მონახვა, მორგება, რაც ახალი განწყობებით მოქმედებას გულისხმობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცვლილებების შეტანა ძალზედ რთულია და უმრავლესობას, რომელიც მოკლებულია ნოვატორობის უნარს, ეს ხშირად არ ძალუძს.
ახლა ფოკუსში მოვაქციოთ თუ რა ხდება სასიცოცხლო ფონის გარდაქმნის დროს ადამიანის სუბიექტის განწყობების დონეზე. სუბიექტის დონე, ეს ინტელექტუალური აქტივობის, აზროვნების, ლოგიკის სფეროა. თითოეულ გარემოს სჭირდება თავისი ლოგიკა, მაგალითად საბჭოთა გარემოს გააჩნდა თავისი ცენზორი. წიგნს, ან მეცნიერულ ნაშრომს რომ ოფიციალურად დაბეჭდილიყო, წინ ლენინის და მარქსის ციტატების დართვა ესაჭიროებოდა. ეს ლოგიკა მეფობდა ხელოვნებაში, პოლიტიკაში და ყოფით ცხოვრებაში. არსებული რეალობის შეგნებით თუ შეუგნებლად გაუთვალისწინებლობა ადამიანებს დიდ თუ მცირე პრობლემებს უქმნიდა. ფონთან არაადექვატური მოქმედების ლოგიკით, ადამიანთა ცხოვრება ციმბირის გულაგში მოხვედრით მთავრდებოდა. თავისი ცხოვრების ლოგიკა აქვს ყოველ საზოგადოებას, ავტორიტარულს თუ დემოკრატიულს. პოლიტკორექტულობა ყოველ სოციუმს თავისი აქვს, რომლის გაუთვალისწინებლობა პრობლემებს ქმნის. როდესაც საზოგადოება, მისი სოციალური და ფიზიკური გარემო რადიკალურად იცვლება, ხოლო ადამიანები ძველი დროის ლოგიკით იქცევიან, პრობლემები გარდაუვალია. არადა ჩეულებრივ ადამიანთა ინერცია ახალ ფონში სწორედ ასეთია. რთულია შეცვლილი რეალობის ადექვატურად გააზრება, მასში არსებული მიმართებების წვდომა. ეს აღმოჩენის გაკეთების ტოლფასია და ინსაიტებს საჭიროებს. ადამიანთა უმრავლესობა არაა ასეთი უნარის მქონე, ინოვატორები საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენენ. არადა, რეალობის ინტელექტუალურად დანახვას არქიმედეს ნაირთა ევრიკა სჭირდება. კოპერნიკი, დარვინი, ფროიდი რეალობის ასეთი ნოვატორი მკვლევარნი იყვნენ. ასეთი ინტელექტუალი ნოვატორები სჭირდება დიდი და მცირე მასშტაბით სოციალურ ცხოვრებას და მის შექმნა-განვითარებას. რეალობის ყოველი რადიკალური ცვლილება სუბიექტისა და მოაზროვნე საზოგადოებისათვის მორიგი ჩიხია, რომლიდან გამოსვლაც ინტელექტუალური აღმოჩენას და პიროვნულ ინსაიტს საჭიროებს.
ახლა შევეხოთ, თუ რა კონფლიქტს აჩენს გულივერის კომპლექსი პიროვნების დონეზე. პიროვნება წარმოაჩენს განწყობებს, მორალის, ეთიკის, ღირებულებების, ფასეულობების განწყობათა სფეროში. პიროვნულობა პასუხისმგებელია ცხოვრების საზრისის განსაზღვრის საკითხშიც. ამ დონეზე ეპოქის-ფონის ცვლა საზოგადოებისა და პიროვნების წინაშე ფასეულობათა გადაფასების პრობლემას აჩენს. მძიმე ფსიქოლოგიურ სიძნელეთა წინაშე აღმოჩნდნენ ადამიანები, როდესაც მათი ცხოვრების პროცესში მათ თვალწინ დაინგრა ერთი და წარმოიშვა მეორე სამყარო. გაქრა ერთი და გაჩნდა მეორე ღირებულებათა სისტემა. წარმართული ეპოქის ფონზე ახალმა ქრისტიანულმა ეპოქამ, მოიტანა მანამდე გაუგებარი ღირებულებები, როგორიცაა ახალი ცნებები, “გიყვარდეს მტერი შენი”, საყოველთაო თანასწორობა, “ღმერთი სიყვარულია”, ქრისტე შვა ქალწულმა, ჯვარცმულმა ქრისტემ თავის თავზე აიღო ყოველი ადამიანის ცოდვები. ეს სრული აბსურდის შემომტანია პილატესა და მრავალი მის თანამედროვისთვის. ახალი მსოფლმხედველობა უპირისპირდება ძველი თაობის აღზრდისა და ცხოვრების პრინციპებს, ამიტომ მიუღებლად ჩანს ახალი მსოფლხედვა. მძაფრი კონფლიქტი შვა საფრანგეთის რევოლუციამ ლოზუნგით, ძირს ბურბონების მეფობა, გაუმარჯოს ძმობას, ერთობას, თავისუფლებას! ფრანგული არისტოკრატიის ფასეულობები თავდაყირა დადგა, იგივე დაემართათ ამერიკელ თეთრკანიან მონათმფლობელებს იმის შემდეგ, რაც მონათმფლობელობა გაუქმდა. ფასეულობათა ცვლამ სახტად დატოვა ბატონი და მონაც და ეს პიროვნების დონის კონფლიქტს წარმოადგენს. გულივერის გაოცება და შოკი თან ახლავს ჩვენს პიროვნულ ცხოვრებას, როდესაც ფონი ინგრევა და ახლით იცვლება. ამ ცვლილებებს ადამიანის მხრიდან ესაჭიროება ახალი სოციალური განწყობები.
ქართულ რეალობაში ეს გამოიხატა პოსტ საბჭოთა ფასეულობების ცვლილებაში, კომუნისტური მორალი შეცვალა დემოკრატიულმა. ის, რაზეც სახელმწიფო იღებდა პასუხისმგებლობას საყოველთაო “ურავნილოვკით”, განათლება, ჯანმრთელობის სისტემა, პენსია, აღმოჩნდა რომ ახალ რეალობაში პირად პასუხისმგებლობაზეა ასაგები. შეიცვალა დამოკიდებულება კანონიერ ქურდებთან და ინიციატივის მქონე “საქმოსნებთან”. ისინი ახალ რეალობაში ბიზნესმენებად წარმოჩინდნენ. კულაკობა და ბურჟუაზია სალანძღავიდან საქებარ კატეგორიებად გადაიქცა.
ადამიანისთვის, რომელიც ასეთ მორალურ-ეთიკურ ფასეულობათა ცვლილების ეპოქაში მოხვდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს ფეხქვეშ მიწის გამოცლის ტოლფასია. ასე გამოიყურება გულივერის კომპლექსი პიროვნების დონეზე.
რომ განვსაზღვროთ, თუ რა პირობებსა და ცხოვრების ეტაპებზე შეიძლება იჩინოს თავი გულივერის კომპლექსმა, ესაა გარემოს რადიკალური ცვლილება, როგორიცაა ბავშვის მიერ სახლის რეალობიდან საბავშვო ბაღში წასვლა, ოჯახური გარემოდან უცებ სკოლის რეალობაში აღმოჩენა, სამხედრო სამსახურში გაწვევა, ციხეში მოხვედრა, ემიგრაცია, ასევე ხანდაზმულობის გამო პენსიაზე გასვლა, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, კოსმოსური მოგზაურობისას უცხო გარემოსა და პლანეტაზე აღმოჩენა, თითოეულ ამ სიტუაციაში რადიკალურად იცვლება ცხოვრების ფონი, რის გამოც იქმნება კონფლიქტი მასთან. ახალი ფონი უცხოა და ადვილად არ ხერხდება მასთან მიმართებაში მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ის მტრულად, საშიშად, უცხოდ გამოიყურება. ამგვარ ფონში აღმოჩენილი ადამიანი ფსიქოლოგიური პრობლემებს განიცდის, ფრუსტრირებული, დაბნეული, გაუცხოვებულია.
როგორაა შესაძლებელი გულივერის კომპლექსის, ანუ ფონთან კონფლიქტის პრევენცია? ეს იმდენად აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია, რომ მის გადაჭრაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. კაცობრიობას დედამიწაზე მოღვაწეობის გარდა კოსმოსის ათვისებაც უწევს, ამიტომ ის, თუ როგორ მოახერხებს ადამიანი მოერგოს უცხო პლანეტებს, უცნობ კოსმოსს დამოკიდებულია მათ შორის ამ საკითხის გადაწყვეტაზე. ამ გაუცხოვების სიძნელეებზე უკვე კარგახანია ლაპარაკობენ მწერლები და კინემატოგრაფები მხატვრულ ნაწარმოებებში, რომლებიც სამყაროს, კოსმოსის ათვისებას ეძღვნება. რეი ბრედბერი “მარსიანული ქრონიკებში”, ანდრეი ტარკოვსკის ფილმში “სოლარისი.”
უცხო ფონსა და გარემოში აღმოჩენილი ადამიანი თავს დაკარგულად, უსუსურად, მიტოვებულად განიცდის. ასეთი სიტუაცისგან თავის დაღწევისთვის მნიშვნელოვანია გაფანტულობისა და დეზორიენტაციიდან კონცენტრირებაზე, არსებულ რეალობაზე დაკვირვების ტალღაზე გადასვლა. ახალი რეალობის შესწავლა, მასში გარკვევა მოითხოვს დაკვირვებას, ფოკუსირებას. ეს ზოგს ბუნებრივად გამოსდის, ზოგს კი არა, მაგრამ ამაში გავარჯიშება შესაძლებელია. უცნობი ფონის აღწერა საშუალებას იძლევა მის გაგების და გათავისების. დაკვირვება ცხოვრებაში მორგებისთვის სასარგებლო უნარია, შერლოკ ჰოლმსი რიგითი ადამიანისგან სწორედ ამ უნარით განსხვავდება, მას შეუძლია რეალობაში ისეთი ნიუანსების, დეტალების შემჩნევა რაც სხვათათვის შეუმჩნეველია და ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ფონის შესწავლისთვის აუცილებელია აქ და ახლა დროსა და სივრცეში თავის განცდა. როცა ეს ასეა რეალობის აღქმა ბუნებრივად და მარტივად ხდება. როდესაც ადამიანს დრო და სივრცე დაკარგული აქვს, ვერც ფონში განიცდის თავს კომფორტულად და ვერც ამჩნევს მის თავისებურებებს. ფონის შემეცნებისთვის მნიშვნელოვანია მის ელემენტებთან, ფიგურებთან კონტაქტში ყოფნა. კონტაქტი გულისხმობს მოთხოვნილებიდან გამომდინარე ფიგურის მიზიდვა-განზიდვის რეჟიმში ყოფნას. არაეფექტურია ფიგურათა ქრონიკულად ან განრიდება, ან მათზე მუდმივი მიჯაჭვულობა. ფონის გაცნობიერება მოითხოვს მის არა სეგრეგაციულ აღქმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენა ნათელ აღქმას საჭიროებს მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა. ამის საპირისპიროდ, ნევროტული დამოკიდებულებებისას ფონში მხოლოდ სასიამოვნოს აღქმა-დანახვა ხდება და უსიამოვნოს იგნორირება. იმისათვის, რომ რეალობა ობიექტურად დავინახოთ, საჭიროა მისი ორივე პოლარობის – სასიამოვნოსი და უსიამოვნოს – აღმოჩენა და აღქმა. ფონში გარკვევისა და მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია ცხადგრძნობები, რომელიც გონებით გაცნობიერებისგან განსხვავებით, გულისხმობს არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლივად ამოქმედებას. ცხადგრძნობების მქონე გარემოში ისე მოქმედებს როგორც თევზი წყალში. ცხადგრძნობის გავარჯიშება შესაძლებელია და გულისხმობს რეალობასთან მიმართებაში შეგრძნებებისა და გრძნობების გააქტიურებას. ხშირად გონებით ზედმეტად წარმართული ადამიანები იგნორირებენ საკუთარ შეგრძნებებსა და გრძნობებს და ცდილობენ რეალობასთან მიმართებაში მხოლოდ ლოგიკურნი იყვნენ. ეს ზღუდავს ადამიანის პოტენციალსა და შესაძლებლობებს, ართულებს სამყაროში ორიენტაციას.
სრულიად განსხვავებულად გამოიყურება უცნობ და რთულ გარემოში მთლიანობის მქონე და დაშლილი ადამიანი. ამიტომ მთლიანობაზე ორიენტირებული პროცედურები, როგორიცაა სენსომოტორული, ინტელექტუალური და ფასეულობათა შინაარსების პიროვნულად ერთ მთელში თავმოყრა გაერთიანება ხელს უწყობს სივრცეში და დროში ორიენტაციას. უცნობი ფონი საჭიროებს ერთი მხრივ გაცნობას და მეორე მხრივ, მასში მიმდინარე ცვლილებებზე ორიენტაციას. ფონი, ისევე როგორც საკუთარი სელფი, არაა სტატიკური, ამიტომ რეალობაში ცვლილებებზე თვალის დევნება და მათ აღმოჩენაზე მიმართული პროცესი გულივერის კომპლექსის პრევენციის ეფექტური საშუალებაა. 
გულივერის კომპლექსის პრევენციას და თერაპიას ჩვენ მივუძღვნით სპეციალურ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ტექნიკურ პროცედურებს, რომელთაც ექნებათ ტრენინგის სახე.
დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ გულივერის კომლექსის ეფექტს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ცხოვრებაში. ის მოდის, ჩნდება თავად სამყაროსა და სიცოცხლის პრინციპიდან გამომდინარე. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტეს არ იყოს, ყველაფერი იცვლება ჩვენში, შიგნით და გარეთ და, როდესაც ეს ცვლილებები გარკვეულ ზღუდესა და ზღვარს სცილდება, ჩნდება სამყაროსთან გაუცხოვების, დაკარგულობის განცდა. ეს ხდება ინდივიდის განვითარების საფეხურებზე და კაცობრიობის ისტორიის განვითარების ახალ ეტაპებზე. ამ დროს ადამიანს და საზოგადოებას სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რამეთუ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგება. ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, მოვლენა და პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. იმედია ეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საკმარისი აღმოჩნდება დახმარების აღმოსაჩენად, როდესაც ასეთი სასოწარკვეთილი თხოვნა გაჟღერდება ჩვენ მიმართ.