ყოფითი მრავალი პრობლემიდან ყველაზე უფრო ამოუცნობი ალბათ თავად ადამიანის ბუნებაა. კვლევები ამ მიმართულებით დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ საქმეს ართულებს ის, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველა ერათმანეთისაგან განვსხვავდებით.
გარემოში მიმდინარე ნეგატიური ფაქტორები ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი დეპრესიას იწვევს.
რა არის დეპრესია, როგორ დავძლიოთ ის და როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა ერთმანეთში – მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვებს ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დორქორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი პასუხობს:

– რა შემთხვევაში ვლინდება ყველაზე ხშირად სტრესული მდგომარეობა?
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი კლიმატური პირობები ახდენს ზეგავლენას ჩვენ რეალობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომელიც აისახება ჩვენს ფსიქო-ემოციურ ფონზე.
გაზაფხული მზიანი პერიოდია და აქედან გამომდინარე მზის სხივები ითვლება ანტიდეპრესიული გავლენის მქონე გარე ფაქტორად. ამას გარდა, ბუნება იწყებს აყვავებას და ადამიანს ოპტიმისტური განწყობა უფრო ექმნება. დეპრესიას ხშირად პრობლემის მიმართ შინაგანი პასიურობა, ანუ კაპიტულანტური დამოკიდებულება იწვევს.
დეპრესია არის უიმედობა, რაც იწვევს ფსიქო-ფიზიკური ძალის განვლევადობას. ეს არის ხელჩაქნეული მდგომარეობა, სადაც აღარ არსებობს ხალისი და შინაგანი სტიმულები. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანს რეალურად არ აქვს განცდა, რომ ყოველდღიურ ყოფაში გაუმკლავდეს აქტუალურ პრობლემებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი არის მოწოდებული რომ დაძლიოს პრობლემები. პრობლემებიც იმიტომ არსებობს, რომ ისინი იყოს დაძლეული.
გაზაფხული არის სიახლის, ახალი პერიოდის დაწყების, ოპტიმისტური ხედვის წინაპირობა. ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ პრობლემებთან ბრძოლას, უფრო კონტრასტური ხდება ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია ამ დროს გააცნობიერონ ის დისკომფორტი, რომელშიც ისინი იმყოფებიან და არა მხოლოდ დეკლარირება გააკეთონ და დააფიქსირონ თავის გარემოში რომ მას უჭირს, არამედ იყოს განწყობილი – დაიხმაროს სპეციალისტი თავისი მდგომარეობის ცვლილებაში.
ხშირად ისმის ფრაზა – საკმაოდ პოპულარული: “რას დამეხმარება ფსიქოლოგი, როდესაც მე ჩემი პრობლემები მაქვს და ის მე პრობლემებს ვერ გამიქრობს”. რეალურად ამ ადამიანებს არ აქვთ პროფესიული ცოდნა და არ იციან რომ ფსიქოთერაპია მხოლოდ ადამიანის რეალური პრობლემის დაძლევას კი არ გულისხმობს, არამედ როდესაც რეალობა უცვლელია და ადამიანს ხელარეწიფება ამ პრობლემებზე ზეგავლენის მოხდენა – ფსიქოთერაპია დამოკიდებულების ცვლილებაში უწყობს მას ხელს. როდესაც იცვლება განწყობა, რეალობა სხვანაირად გამოიყუირება. სწორედ ამ განწყობის ცვლილებაზე ვმუშაობთ ჩვენ და მინდა ვანუგეშო მაყურებელი, რომ ფსიქოთერაპიაში ყოველდღიურად არის მსგავსი შემთხვევბი.
– სხვადსხვა საიტებზე ხშირად წაგვიკითხავს, “საკვები, რომელიც სტრესს მოგიხსნით” მართლა არის კვებაზე დამოკიდებული სტრესი?
– კვებას და ნებისმიერ საკითხს, რომელთანაც ჩვენ ვართ სუბიექტურად შეხებაში, რა თქმა უნდა აქვს გავლენა. რეალობა გავლენას ახდენს ჩვენს გუნება-განწყობაზე. საკვები ერთ-ერთი ძლიერმოქმედი კომპონენტია გუნება-განწყობის ცვლილებაზე. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის საკვები, რომელიც ადამიანს უყვარს და მას სიამოვნებას ანიჭებს იწვევს თავის ტვინის ჰორმონების აქტივაციას, რომელსაც სიამოვნების ჰორმონსაც უწოდებენ. რაც თავისთავად ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. შოკოლადი და სხვა ტკბილი საკვები (რა თქმა უნდა ზომიერად) არის ანტიდეპრესიული ზემოქმედი.
– რას ნიშნავს ხანმოკლე და ქრონიკული სტრესი, ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას და იგი ხდება მისი ცხოვრების ნაწილი?
– ხანმოკლე სტრესი არის ის სტიმულები, ის გამაღიზიანებელი გარემოებები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ამ სტრესის რეგულაციისკენ. უნდა გავიაზროთ პრობლემური საკითხები და გამოსავალზე ვიყოთ ორიენტირებულები. როცა პროცესში აზროვნებაა ჩართული და ბრძოლის უნარი არის გააქტიურებული, ამ ადამიანი აზროვნებს, ფიქრობს, აკეთებს არჩევანს, გამოხატავს თავისუფალ ნებას და ამ გზით ჭრის პრობლემებს. ხანმოკლე სტრესი ასეთი სახით უნდა იყოს გადაჭრილი.
ხანმოკლე სტრესი ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს. ხანდახან მძაფრი სიხარულიც სტრესია. ის, რაც შინაგანი წონასწორობიდან მომენტალურად გამომყვანია, ყველაფერი სტრესად შეიძლება ჩაითვალოს. ადამიანები, რომელბიც ვერ ახერხებენ სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო ამ სტრესებთან გამკლავებას, სრულიად შესაძლებელია პრობლემა გადაიზარდოს ქრონიკულ, დროში გახანგრძლივებულ სტრესორად, რომელიც შემდგომში უკვე გართულებებს გამოიწვევს. გართულებები შეიძლება იყოს სხვადსხვა სახის. თუ ეს სტრესი ძალიან გახანგრძლივდა, შესაძლებელია ფიზიკური დისკომფორტის სიპტომებში გადაიზარდოს, რასაც სომატიზაციას ვუწოდებთ და სომატიზირებული გახდეს ესა თუ ის სტრესი.
– როგორია სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგები?
– ხანგრძლივი მოქმედების ფაქტორები, გამოიხატება ფიზიკური დისკომფორტის სიპტომებში. მაგალითად, ადამიანს აწუხებს გული, აქვს კუჭნაწლავის პრობლემა, რომელიც კვლევების შედეგად არ დგინდება. შეიძლება თავის ტკივილები და უძილობა დაიწყოს. ამას ჩვენ ვუწოდებთ რეალურად ფუნქციონალურ დარღვევას. რაც ნიშნავს, რომ ორგანო ჯერ არ არის დაავადებული, მაგრამ სტრესული მდგომარეობა კონკრეტულ სისტემაზე, რომელიც ყველაზე სუსტია დიდ გავლენას ახდენს. ფუნქციონალური დარღვევა არის სიგნალი, რომ ადამიანს აქვს პრობლემა, რომელსაც სჭირდება აუცილებლად ყურადღება. ფიზიკური დაავადებები პირდაპირ არსდროს ვლინდება, ადამიანს დასაწყისში აქვს ჩივილები, რომელიც არის მოწოდებული ყურადღების მიქცევისთვის და თუკი ადამიანი უყურადღებოა, სიზარმაცის ფენომენი ძალიან ცუდი შედეგების მქონეა.
ადამიანებს, ასეთ დეპრესიულ, აპატიურ მდგომარეობაში ძალა არ ჰყოფნით, რომ მიხედონ თავიანთ თავს და მიაკითხონ იმ ინსტანციას, რომელიც დაადგენს რა ჩივილები აქვს მას და აქედან გამომდინარე აქვს თუ არა მას პრობლემა. თუ დროულად არ მოხერხდა ჩარევა, შესაძლებელია ის გადაიზარდოს ორგანულ დაავადებებში. ამიტომ ფსიქოსომატური მიდგომა გულისხმობს , გახანგრძლივებულ სტრესულ მდგომარეობაში (მატრამვირებელი სტრესი შეგვიძლია ვუწოდოთ) – ადამიანი თავს ვერ გრძნობს კარგად არამხოლოდ ფსიქო-ემოციურად, არამედ ფიზიკურად, რადგან ადამიანი არის ფსიქო-ფიზიკური მთლიანობა. შეუძლებელია ფიზიკურად გვაწუხებდეს რამე და კარგ გუნება-განწყობაზე ვიყოთ და პირიქით, როდესაც ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა არასტაბილურია,- ამას არ მივხედეთ, ეს ყველაფერი ფიზიკურ მდგომარეობაზე სერიოზულად აისახება.
– როგორ დავძლიოთ სტრესული მდგომარეობა?
– პირველ რიგში ადამიანს ჭირდება საკუთარი თავის თვით დაკვირვება. ადამიანი უნდა იყოს ყურადღების ფოკუსში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ რა გვეფიქრება, რას ვგრძნობთ, რა ფიზიკური შეგრძნებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვს ადამიანს ეს ფიზიკური შეგრძნებები. ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ დაეხმაროს ადამიანს ეს კონტაქტი აღდგეს და განვითარდეს.
როდესაც ადამიანი ახდენს საკუთარი თავის ობიექტივიზაციას, ის აცნობიერებს, ხვდება და აღიქვამს რა აწუხებს. რა აზრებია მისთვის გარკვეული ღელვის და წუხილის მომტანი. არსებობს სქემა: ადამიანს აქვს აზრი, რომელიც გარკვეული შინაარსობრივი დატვირთვის მქონეა. აზრს აქვს ემოციური მუხტი – პოზიტიური, ან ნეგატიური. შემდგომში რაც უფრო ძლიერია ეს ემოციოური ფონი ეს უკვე აისახება სხეულებრივად. როცა ადამიანი ახდენს ამის აღქმას და გაცნობიერებას, მაშინ ის უმკლავდებს სტრესს. ის აცნობიერებს რა პრობლემა დგას მის წინაშე. იწყებს ამ პრობლემის გააზრებას და დამოკიდებულების გამომუშავებას. შეიძლება მყისიერად ვერ ხერხდება ამის დაძლევა, მაგრამ კარგად იაზრებს და ერთ ფოკუსში აქცევს თავის შესაძლებლობებს და რესურსებს. ადგენს სტრატეგიას, თუ როგორ დაიძლევა ესა თუ ის პრობლემა.
– წარსულში ფიზიკური ნაკლის გამო (კუზის) ბევრმა დამჩაგრა. ამის გამო სახლში ვიყავი ჩაკეტილი. გამოვედი მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაცია გავიკეთე და მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა მაგრამ დღემდე ცუდად ვარ წარსულის გამო. კომპლექსები შემომრჩა. გულის სიღრმეში სევდიანი ვარ და ყოველ საღამოს, როცა მარტო ვრჩები სულ წარსულზე ვფიქრობ. ბევრჯერ ამ ყველაფერს თვითმკვლელობამდეც მივუყვანივარ თუმცა დედის გამო ყოველთვის უარს ვამბობდი ბოლო წამს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი სამეგობრო წრე გავიჩინე, რომლებიც ზედ მყვებიან, მაინც მარტოობა და ფიქრი მირჩევნია. ცოტა ეგოისტიც გავხდი და იქნებ რამე მირჩიოთ როგორ დავძლიო დეპრესიული დღეები რაც დღემდე მაქვს…
– ადამიანი მოწოდებულია, იმისთვის, რომ მან მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი და სასრგებლო საქმე აკეთოს. ადამიანი არის შემოქმედებითი ნატურის და ბუნების მქონე. შემოქმედებაში მხოლოდ ხელოვნება არ იგულისხმება. ეს არის ქმნა რაღაც მნიშვნელოვანის, რაღაც ფასულის, ეს ფასულობები არის ძალიან ინდივიდუალური.
ჩვენ თითოეულს გვაქვს ჩვენი შინაგანი ათვლა, ფასეულობათა სისტემა, რომლის მიხდვითაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი პროფესიული ათვლაც ამ ფასეულობათა სისტემაშია მოქცეული. თუ ადამიანი ვერ ახერხებს თვით რეალიზაციას, რაც გულისხმობს აქტივაციას, რაც მისთვის არის სასიამოვნო, მნიშვნელოვანი და ფასეულობის ღირებულების მქონე, ანუ მნიშვნელოვანია ის დაკავდეს, აღმოაჩინოს (თუ არ აქვს ნაპოვნი) საყვარელი საქმე. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი- ხეზე ჭრიდან დაწყებული, დამთავრებული ფეხსაცმლის შეკეთებით.
აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვისწრაფოდეთ, რომ ვაკეთებდეთ სასრგებლო საქმეს. ეს სარგებლობის ცნება ჩვენში არის ინდივიდუალური.
მესმის რომ ამ ადამიანს აქვს რეალური პირობები იმისთვის, რომ იყოს ხშირად დათრგუნულ მდგომარეობაში, მაგრამ მას შეუძლია თავის თავს ხელი შეუწყოს იმით, რომ მან აკეთოს მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე. მათ შორის ქველმოქმედება, რომელიც ძალიან ამაღლებს თვითშეფასებას.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნევროზულ მდგომარეობაზე ძალიან ზოგადია ეს რეკომენდაცია. ასე ადვილად ვერ ხერხდება გარკვეული საკითხების რეალიზება და შესრულება. რეკომენდაცია არ არის ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია არის,- ადამიანმა იპოვოს უკეთესი, უნიკალური გამოსავალი, მან თვითონ მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზა. სხვაზე ზრუნვა, იმის განცდა, რომ შენ ხარ საჭირო, შენ ხარ მნიშვნელოვანი და შენ აკეთებ სიკეთეს, ეს იმდენად სასიამოვნო განცდების მომტანია, რომ ეს სიამოვნება, რომელიც სულიერია, ადამიანს ძალიან უმაღლებს თვითშეფასებას.

წყარო: ambebi.ge