თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალგაზრდა თაობის განათლებაა და ამიტომაც ხშირად ვვიშვიშებთ, რომ მალე არ გვეყოლება მთელი რიგი დარგების სპეციალისტები, რომ დაბალია მოსწავლეების წაკითხულის გააზრების უნარი, ზუსტი მეცნიერებების მათი ასაკის შესაბამისი ცოდნა და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, უკვე აშკარად შეინიშნება სავსებით ზრდასრული ადამიანების ინტელექტის დეფიციტი, რომლებსაც სოციალური სტატუსიც აქვთ და ხშირად გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ისინიც, თუმცა აქვთ დიპლომები და თავსაც იწონებენ საკუთარი განათლებულობით, ვერ იაზრებენ ადეკვატურად მოსმენილსა თუ წაკითხულს, ვერ ასხვავებენ ყალბსა და ნამდვილ ინფორმაციას (რისი დამხმარეც კრიტიკული ანალიზია), ვერ გამოაქვთ მართებული დასკვნები, ვერ იღებენ ადეკვატურსა და რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან  ერთად განვიხილავთ პრობლემას, არსებული ინტელექტუალური რეალობა გონებრივი შესაძლებლობების დეგრადაციის შედეგია, წინა თაობების დიპლომები იყო ყალბი თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთ სავალალო ვითარებაში? 
დიმიტრი ნადირაშვილი: კარგი კითხვაა. ორი პასუხი მაქვს კითხვაზე, თუ რამდენად ყალბია არსებული ცოდნა და გამოცდილება. პირველი ისაა, რომ თითქოს ნამდვილად ვალიდური უნდა ყოფილიყო ეს ცოდნა-გამოცდილება და საბჭოთა დიპლომების ხარისხი, წესით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ჩვენ ვამაყობთ იმდროინდელი მეცნიერებით, სპორტით, ხელოვნებით, მაგრამ, მეორე მხრივ, იმხანად იყო ერთგვარი დიპლომომანიაც. იმდროინდელი ქართული რეალობის პრობლემას ასახავს ქართული ფილმი „უდიპლომო სასიძო“,  რასაც ვერ გაიგებდნენ ვერც რუსეთში, ვერც გერმანიასა თუ ბალტიისპირეთში. იმდენად არ ჰქონდათ მათ დიპლომომანიის პრობლემა, რომ ვერ ითარგმნებოდა ეს ფილმი. მაგრამ ამ დიპლომების მანიას სრულიად შეეცვალა შინაარსი და ფორმა, როდესაც სხვა რეალობაში მოვხვდით. აქედან გამომდინარე კი, დადგა საკითხი: ის შედევრებიც კი შეიქმნებოდა ახალ ფონში, ანუ პოსტსაბჭოთა საქართველოში?! არის კი ფასეული ჩვენი მეცნიერება, ჩვენი ხელოვნება?! რაც საბჭოთა კავშირში შევქმენით, იმავეს შევძლებდით, საქართველო ცალკე რომ ყოფილიყო?! ანუ, როგორც კი ფონი შეიცვალა, ეჭვქვეშ დადგა ყველაფერი. ორი იდენტური მოსაზრებაა: მოსემ 40 წელს ატარა ებრაელები უდაბნოში სწორედ იმიტომ, რომ ძველი ფონი გამქრალიყო და ახალი გაჩენილიყო. ძველ ფონში აღზრდილების მიერ შექმნილი წასულიყო და ახლებისთვის შექმნილიყო ახალი ფონი. ჩინელები ამბობენ, არ გისურვებთ ცვლილებების დროს ცხოვრებასო, იმიტომ რომ იცვლება ფონი.
– ქართველები ვამბობთ, ახალ ღვინოს ძველ ტიკებში ნუ ჩაასხამთ, დახეთქავსო.
– დიახ, ესეც ამ სტილის გამონათქვამია. ფონი არის ცხოვრების დინება, არაპროგნოზირებადი, რომლისაც არავის ესმის და არავინ იცის, როგორი იქნება მომავალი, საით წავა ცხოვრების დინება. ამის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. სამყაროს მოაქვს ახალი ფონი, სიცოცხლე გამაოცებელია იმით, რომ მოულოდნელია, არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და რა იქნება მისი ფონი. დღეს საქართველოში არსებული ახალი ფონი იმ ძველი გამოცდილებისთვის მოულოდნელია. უნდა დაიბადონ ახალი ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად და გამოცდილებით იქიდან არიან, მაგრამ იმ დროს და იქ არ უცხოვრიაც, მათ ექნებათ სამყაროს აღქმის ახალი გამოცდილება და ჩაეწერებიან ამ ახალ რეალობაში, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უცხოვრიათ წინა ფონში, წინა გამოცდილებით, რადგან ისინი ნამდვილად ვეღარ ჩაეწერებიან ახალ რეალობაში, ვერ გაიგებენ მას. ჩვენ ქართულ რეალობაზე ვლაპარაკობთ და ქართულ გასაჭირში ვართ გაჭედილები, მაგრამ ყველასთვის ზოგადია ცხოვრების არაპროგნოზირებადი სპონტანურობა, მოულოდნელი ხვალინდელი დღის პრობლემა დგას დღევანდელ სამყაროში.
– მესმის, რომ ეს პრობლემა დგას სამყაროში, მაგრამ მოსმენილიდან ან წაკითხულიდან რომ აზრი გამოიტანო, ამასთან ფონი რა შუაშია? რაც უნდა ფონი შეიცვალოს, ლოგიკა ხომ არ შეცვლილა, არისტოტელემ რაც დაადგინა, ხომ ისევ ისაა?
– ქართულ რეალობაში დასკვნების გამოტანა პრობლემაა და ზოგადი განათლების პრობლემას უკავშირდება. დასკვნების გამოტანა, ლოგიკურობა, არისტოტელეს დონის სიმაღლეები ჩვენს რეალობაში არსებობს თუ არა, დაკავშირებულია ზოგადი განათლების დონესთან. რის მიხედვითაც, დღეს ჩვენ მსოფლიოში ასის უკან ვართ.
– საქმეც ისაა, იმ ხალხსაც რატომ მოუჩლუნგდა ლოგიკა, რომელთა ზოგადი განათლების დონე მაღალი იყო?
– ჩვენი საერთო ფონი, სკოლისა და, ზოგადად, განათლების დონე საქართველოში ასს მიღმაა კარგა ხანია, აფრიკაზე უკან აღმოჩნდა. ლოგიკა, საღი აზრი სჭირდება საზოგადოებას, რომელსაც აქვს დასაყრდენი განათლების სისტემის სახით. მარტივი მაგალითია, მაგრამ იქ, სადაც ავტობუსი და მეტრო მოდის ზუსტად დანიშნულ დროს, აი, ეს სტაბილურობა გაქრა საქართველოში, რაღაც ახალი სტაბილურობა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სოციალურ ცხოვრებაში არ შემოსულა და ამ უსაყრდენობას განვიცდით ძალიან მწვავედ. თუმცა არის რაღაც გამონათებები. ჩვენი სპორტსმენები ზოგიერთ სახეობაში ისევ აღწევენ წარმატებას, მაგალითად, ჭიდაობაში, რომლებშიც ფონი თითქოს არ შეცვლილა: ტატამი ტატამია და ადამიანის სხეული სხეულია ისევ, ამიტომ იქ თითქოს რაღაც გადარჩა. ხოლო, სადაც შეიცვალა, მაგალითად, სტადიონი, მაყურებელი, გუნდი, ანუ ფეხბურთი, ის ვერ გადარჩა. რა განათლების სისტემა იქნება, როდესაც კვლევითი ინსტიტუტები გაქრა?! ეს აჩენს ვაკუუმს.
– ანუ გონებასაც მუდმივი წვრთნა სჭირდება, თორემ ერთხელ მიღებული დიპლომი არაფერს ცვლის.
– დიახ და ასევე, როდესაც რეალობა იცვლება, ადამიანი იბნევა. მოვიყვან ყოფით მაგალითს, იმის საჩვენებლად, თუ რამდენადაა დამოკიდებული ადამიანი ფონზე. დილით ვარ აბაზანაში, ჩემი გოგონა შემოდის, ვერ მხედავს, მაშინვე რომ დამინახოს, მომესალმება და არ შეეშინდება. მაგრამ ვერ დამინახა, დაიწყო თავისი საქმიანობა და რომ აღმომაჩინა, შეეშინდა. იმიტომ რომ ის არაცნობიერად, მიუხედავად იმისა, რომ არ აღუწერია სააბაზანოს ფონი, ფიქრობს, რომ მარტოა და როდესაც აღმოაჩენს, რომ იქ ვარ მე, შეეშინდება. იგივე ხდება ჩვენს რეალობაშიც. ჩვენი ფონი გაუცნობიერებლად მოქმედებს ჩვენზე, ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც რეალობაშია და როდესაც განსხვავებულ დეტალს აღმოაჩენს, შიში უჩნდება. არადა, რატომ უნდა შეეშინდეს ჩემს გოგონას ჩემი დანახვის?! იმიტომ რომ ჰგონია, ერთ რეალობაშია და ამ დროს, თურმე, მეორეშია. ასე ვართ მუდმივად და ამის შიში მუდმივ სტრესში გვამყოფებს. შეიძლება, არავინ იყოს განსხვავებული ახალ ფონში, მაგალითად, მამა იყოს, მაგრამ ის, რომ ერთი გვგონია და რეალურად მეორეა, დიდ შიშს, დაძაბულობასა და შფოთვას იწვევს.
– ესე იგი, ემოცია გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობებზეც.
– ეს არის დაბნეულობის, სამყაროს აღქმის პრობლემა: სად ვარ, ვინ ვარ, აბსურდის თემა შემოდის, რომ ვართ კი იმ ადგილას, სადაც უნდა ვიყო?! ვართ მორგებულები ამ სამყაროზე, ამიტომ დატვირთული ვართ არაცნობიერი შფოთით, განცდით, სიკვდილის შიშით – რომ გაქრები და შენგან არაფერი დარჩება. ყველა ეს ეგზისტენციური პრობლემა წარმოიშვება ასეთ გარემოში და თავისი სიმძაფრით ადამიანს გააუცხოებს და ყველანაირ გაჭირვებას გაახსენებს. ეს საარსებო პრობლემები დადგა ჩვენთან. ეს ფსიქოლოგიური პრობლემებია და არ მიკვირს, რომ ჩვენს საზოგადოებას ფსიქოთერაპია სჭირდება.
– ეს მინდოდა მეკითხა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა.
– საფსიქოთერაპიო ნამდვილად არის ჩვენი მდგომარეობა და ეს არის ჩვენი რეალობის ნომერ პირველი პრობლემა, იმდენად, რომ ყვირის და ამიტომ ასეთი სახის დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ფსიქოთერაპიული დახმარების საჭიროებაა ადამიანების საქმიანობის ყველა სფეროში: პროფესიული, ასაკობრივი, ოჯახური, რაც ძალიან მწვავედ დგას, აღზრდის, მოზარდებთან და ბავშვებთან ურთიერთობა. ხომ ვხედავთ, რა აბსურდში ვართ ხოლმე. რა პრობლემებია: სასკოლოთი დაწყებული და პოლიტიკურით დამთავრებული. ამ ყოველივეს დაგვირგვინება იყო გაყოფილი საარჩევნო ხმები: საზოგადოების ერთ ნაწილს უკვირს, რატომ აძლევენ ხმას ერთ კანდიდატს, მეორე ნაწილს უკვირს, რატომ აძლევენ ხმას მეორე კანდიდატს. მათ არ ესმით ერთმანეთის ფასეულობების. ეს კი ფსიქოთერაპიული პრობლემაა. ადამიანი უნდა გაერკვეს თავის თავში, თავის ფასეულობებში და ჩვენს საზოგადოებაში ამის დეფიციტიცაა.
– ფონი – ფონად და ამ ფონს ხელოვნურადაც ქმნიან პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, საზოგადოების წარმომადგენლებიც. კარგია, თუ ფსიქოთერაპია უშველის, მე ვშიშობ, ფსიქიატრების ჩარევა არ იყოს საჭირო.
– მარტო სიტყვა ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. მოგეხსენებათ, ფსიქოთერაპია მხოლოდ სიტყვაა, ფსიქიატრიაში კი მედიკამენტებით აწყნარებენ ადამიანს, როდესაც სიტყვა აღარ ამშვიდებს, ქიმიური საშუალებებით ადუნებენ, რომ იქნებ ამ მოდუნებულს შემდეგ სიტყვამ უშველოს. ანუ ქმნიან ნეიტრალურ ფონს. ესეც ჩვენი პრობლემაა: სიტყვამ ისე დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომ ფსიქოთერაპიული დანიშნულება აღარ აქვს.
– ეს ვითარება შეიძლება, თავისით გამოსწორდეს, თუ ქვების სროლით დავამთავრებთ ან ბუშტებით სიარულით? უკვე საშიში გახდა ასეთ გარემოში ცხოვრება: არ ხარ დაზღვეული, ვინმემ თავში არ ჩაგარტყას ან არ შეგიკურთხოს.
– მომავლისადმი ინფანტილური დამოკიდებულებაა, რომ ის მოვა და ყველაფერი დალაგდება. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ისეთი მომავალიც დამდგარა, რომელშიც გაჩნდა გულაგები და ადამიანებს კომუნიზმისა და ნათელი მომავლის ლოდინი ჯოჯოხეთად შეუტრიალდათ. არ ხდება ისე მარტივად, რომ დრო გადის და ბედნიერება მოდის. თუმცა ადამიანი მიდრეკილია, ასე მარტივად უყუროს მოვლენებს. დროს ვერ გამოიცნობ. შეიძლება, უარესიც მოიტანოს და ჩვენი სახელმწიფო, უბრალოდ, აღარ არსებობდეს. ესეც რეალურია და ამ საშიშ რეალობაზე ადეკვატური რეაქციაა, რა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ. აი, ამ შიშის გაცნობიერება გვაკლია ამდენ გაუცხოებასა და ნევროტულ ფუსფუსში – ფიქრი მომავალზე და ჩვენი ცხოვრების დაგეგმვა ისე, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. ანუ გვაკლია გაქრობის შიში მაშინ, როდესაც გაქრობის საფრთხე რეალურია. ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვფიქრობთ ამაზე, ამერიკელები კი „ნასას“ პროგრამაში ფიქრობენ, ერთი საუკუნის იქით სად გაფრინდებიან და რომელ პლანეტას აითვისებენ.
– არის ონკოლოგიური ცენტრი, რომელსაც აქვს განკურნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ოღონდ იქ მისულ პაციენტებს თავდაპირველად ეკითხებიან, რატომ უნდა დარჩე ცოცხალი. მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისა და მისი სიცოცხლისთვის აუცილებლობის დასაბუთბის შემდეგ მკურნალობენ. ჩვენთან ეს პრობლემაცაა, უნდათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ამ ქვეყანამ იცოცხლოს?!
– თუ გვინდა უკეთესი რეალობა, თუ გვინდა მომავალი, თვითგადარჩენის ძალები უნდა ჩაერთოს ჩვენს ყოველდღიურობაში და ასეთი ხედვა სჭირდება არა მარტო ერს, არამედ ოჯახს, ადამიანს, უნდა დავფიქრდეთ ყოფნა-არყოფნაზე და პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე.