– ეს როგორ დამემართა? ეს როგორ მომივიდა?

– მშვენიერია, თუ ეს კითხვები გაგიჩნდა.

– რა არის ამაში მშვენიერი?

– მშვენიერია თავად კითხვა, თორემ, შეიძლება ცხოვრება ისე გაგრძელდეს, რომ არც კითხვა დასვა და არც ამ კითხვას უპასუხო.

– ზუსტად ასე ხდება ხოლმე – დავიწყებ თავის დამშვიდებას – არ ვიფიქრებ, დავივიწყებ, იყო და მორჩა, …. ამის მეტი რა ვიცი 

– მაგრამ ასეთი დამშვიდება როგორია შენთვის? იგივე არ შეიძლება განმეორდეს?

– შენ რა, ასე არ მოგსვლია?

-კი.

– აბა ჩემი გიკვირს?

– არა არ მიკვირს, მაგრამ შენ არ მკითხე როგორ მომივიდაო?

– ხო, ხო მაინტერეს, შენ კი რაღაც სხვა რამეზე მესაუბრები. ამიხსენი!

 მე მოგიყვები მე როგორ მომივიდა. როგორ და დამვიწყებია, რომ ცხოვრება თავად მოულოდნელობაა, დაწერილი გეგმებიდან და სცენარიდან გადახვევებით სავსე. მიფიქრია და ვფიქრობ კიდეც, რომ ამას გავაკეთებ და მერე ასე იქნება, დავგეგმავ და დავიწყებ.

– მერე?

 მერე გავუყვები ცხოვრებას, რომელსაც ლამის აუცილებლად ხვალიდან, მერედან ვიწყებ და მგონია, რომ ისე იქნება, მე როგორც დავგეგმე .

– არ ვიცი რას გულისხმობ. რა, ცხოვრება არ უნდა დავგეგმო?

– როგორ არ უნდა დაგემო, უნდა დაგეგმო და მიზნამდე მიხვიდე. შენი მოთხოვნილებიდან და რეალობიდან გამოდინარე მიზნამდე უნდა მიხვიდე. მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის ხოლმე და ამისთვის მზად უნდა იყო.

– გეგმით არაფერი მიდის?

– ბევრი რამ გეგმითაც იქნება, ალბათ იქნება, მაგრამ არა ზუსტად ისე როგორც დავგეგმე, აუცილებლად სადღაც რაღაც ვერ გაითვლება, შეჩერდება და აირევა.

– შენ რა, იცი მეტად თუ ნაკლებად, სად და როდის?

– არ ვიცი, მაგრამ … აირევა იქ, სადაც გამოჩნება ცხოვრებისეული ძალა და ენერგია, მისი უდიდებულესობა შემთხვევა და მოულოდნელობა.

– როგორ?

– როგორ და პატარა ან დიდი ენერგიით ჩემს წინ მორევს გააჩენს, როცა არ ელოდები და სწორედაც ამიტომ აქვს მას განსხვავებული ძალა. განსხვავებული თვითოეულისთვის და კონკრეტულ მომენტში. ეს მორევი ჩემი გაურკვეველი ემოციის და შემთხვევით შემოთავაზებული რეალობაა. ამიტომაც არის ის ჩემთვის საშიში მორევი.

– ვერ გავიგე მაშინებ?

– არა, უბრალოდ რაღაც მნიშვნელოვანს გაცნობ

– რას მაცნობ? ცოტა დავიბენი …

– საპირწონე ძალას. პაუზის ძალას გაცნობ.
შენელება და პაუზა ეს ისეთი ადგილია სადაც შეგრძნებები იღვეძებენ და თუ დააცდი მიმართულებასაც მოგცემენ. შენთვის საჭირო მიმართულებას. მოულოდნელობისგან შენს წინ წარმოქმნილ თავზარდამცემ მორევში რომ არ გადაეშვა. ჯობს შეჩერდე, შენელდე მაინც. ამ შენელებას ძალა და ცოდნა უნდა. რადგან მორევი რის მორევია, რომ თავისი ენერგიით არ გიზიდავდეს, მზერას არ გიშტერებდეს, არ მიგაქანებდეს …

– და რა მოხდება?

– თუ შენელდები, პაუზას გააკეთებ, მაშინ უკვე იგრძნობ,  მერე ამ ნაგრძნობს გაიაზრებ, გადაწყვეტ რა გჭირდება და ენერგიაც გამოჩნდება. აუცილებლად გამოჩნდება, ის შენთვის სასურველი ნაბიჯის ენერგია. შენი ნაბიჯის და შენთვის აუცილებელი ძალა. მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ შეგრძბნებები და მათი გაცნობიერება მხოლოდ შენელებისასაა შესაზლებელი.

– ეს ადვილია …

– ცოტა შენელდი, პაუზა გააკეთე და მერე გადაწყვიტე

…..

– მასწავლე პაუზა, მგონი…  არც ისე …

– კარგი, ცადე კიდევ ერთხელ

– როგორ?

– თავიდან დავიწყოთ. როგორ დაგემართა?

ხათუნა გოგელია
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის პრაქტიკოსი

გეშტალტ თერაპევტი, ნეირობიოლოგი ,

ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი