ორსულობა ქალის ცხოვრების ისეთი ეპიზოდია, რომელსაც ხშირად რადიკალური ცვლილებები მოჰყვება. ეს არის პერიოდი, რომელსაც პოზიტიური მიმდინარეობის შემთხვევაში მოჰყვება ფსიქო-ფიზიკური სიმწიფე და პიროვნული ზრდა, თუმცა მისი ნეგატიური მიმდინარეობა ქალს ანგრევს და ხშირად ფსიქოლოგიურ რღვევას იწვევს.

როგორია ორსულობის პოზიტიური მიმდინარეობა?

ქალს აქვს მზაობა დედად ყოფნის. მისი სურვილი, ცხრა თვე საკუთარ სხეულში გამოზარდოს და სიცოცხლის დასაბამი მისცეს ახალ არსებას არის გააზრებული და შესაბამისად აქვს განწყობა პროცესის რეალურად მიღების. ამაში იგულისხმება მისი წინასწარი ინფორმაციული განათლება ორსულობასთან დაკავშირებით.  არ აქვს მოლოდინი იმისა რომ ორსულობა ეს არის ღვთისგან ბოძებული მდგომარეობა და ის ყოველგვარი სირთულის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს და ასევე მარტივად სრულდებოდეს. შესაბამისად შიში, რაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა თუნდაც მინიმალურმა გართულებებმა ადვილად დაძლევადია და არ გადადის ნევროზულ მდგომარეობაში.

ორსულობის ნეგატიური მინდინარეობა სწორედ სხვადასხვა სომატური და ფსიქოლოგიური სირთულეების ერთობლიობაა, რასაც ხშირად გახანგძლივებული ტოქსიკოზი, მომატებული ტონუსი, ნაადრევი ან გართულებული მშობიარობა მოჰყვება.

რა შეიძლება იყოს სტრესი ორგანიზმისთვის? ღელვა ნაყოფის სწორად განვითარებაზე, პროცესის სწორად მიმდინარეობაზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, სხეულის ფორმების შეცვლასა და სოციუმში არსებული ურთიერთობების და დამოკიდებულებების ცვალებადობაზე.

ერთი შეხედვით ეს არ არის განსაკუთრებული ან კრიტიკული მდგომარეობა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზმისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზითაა ღელვა გამოწვეული, სასურველის შენარჩუნებაზე ფიქრით თუ მოულოდნელი და არასასურველი ორსულობის გამო. ორივე შემთხვევაში სხეული ცდილობს მოიშოროს ის ნაწილი, რაც მის ჰარმონიულობას არღვევს და დაიბრუნოს მდგომარეობა, როდესაც თავს კომფორტულად გრძნობდა. სწორედ აქედან გამომდინარეა ორსულობის ნაადრევ პერიოდში შეწყვეტა ან ნაყოფის განვითარების შეფერხება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ელოდებიან წლების მანძილზე სასურველი შედეგის დადგომას. ალბათ ნაცნობია ყველასთვის ფრაზები: ბევრს ვწვალობ და ვმკურნალობ, თითქოს ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ორსულობა ან არ დგება, ან ყოველი ორსულობა აბორტით მთავრდება. და ამის საწინააღმდეგო : უკვე იმედი მქონდა გადაწურული, აღარც კი ვფიქრობდი როდესაც ტესტმა ორსულობა დამიდასტურა.

ადამიანის სხეული, ემოციები და გონება ერთი მთლიანობაა და თუ რომელიმე, ამ სამი კომპონენტიდან განსაცდელშია, დანარჩენი ორი ცდილობს თავისი შესაძლებლობებით დააკომპენსიროს და დაიბრუნოს ჰარმონიულობა. ორსულობის პერიოდში ფსიქოთერაპია ემსახურება ამ ერთიანობისა და კომფორტის ზონაში უმტკივნეულოდ დაბრუნებას.

გისურვებთ წარმატებას ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდის ჯანსაღად განვითარებასა და დასრულებაში.

                          პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი იანა სალამაშვილი