დღესდღეობით დეპრესია ძალზე მასობრივი და სტატისტიკურად ზრდადი ფსიქიკური პრობლემაა, რომლის წარმოშობის საკითხზე სხვადასხვა თეორიაა წამოყენებული. დეპრესიას ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ გააჩნია – მის აღმოცენებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ფიქრობენ, რომ დეპრესიის დროს ადამიანის ტვინში განსაზღვრული ცვლილებები ხდება. მაგალითად, იცვლება ზოგიერთი ნეიროტრანმიტერის (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების) კონცენტრაცია. გასათვალისწინებელია ჰორმონული ცვლილებებიც: ჰიპოთირეოზი, მენოპაუზა.
ასევე განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებენ მემკვიდრეობით ფაქტორს, ვინაიდან დეპრესია უფრო მეტად ისეთ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე დაავადებით იტანჯებიან.

გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, საკმაოდ დიდ ყურადღებას იმსახურებს ყოველდღიური არასწორი/არაჯანმრთელი ცხოვრების სტილი.
კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია ეყრდნობა იმას, რომ ინტრენეტის ინტენსიური გამოყენება პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით იწვევს მენტალურ პრობლემებს ვინაიდან:

– ინტერნეტი იწვევს დამოკიდებულებას.
ინტერნეტის გასართობი პროცესისგან მიღებული „ჯილდო“ , რომელიც ორგანიზმში დოფამინის მოზღვავებას იწვევს ზრდის დამოკიდებულებისა და მის მიმართ პათოლოგიური გამოყენების რიცხვს, რაც თავის მხრივ ცვლის ტვინის ქიმიას და განაწყობს ინტერნეტის მრავალ სერიოზულ მომხმარებელს შფოთვისა და დეპრესიული მდგომარეობისაკენ.

– ინტერნეტი ამცირებს გონებრივი შესვენების დროს.
ნაცვლად იმისა, რომ დატვირთული დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას მოვდუნდეთ –  ვაგრძელებთ ინტერნეტის გამოყენებას, რითაც ვაიძულებთ ჩვენს ტვინს კვლავ იმუშაოს და ხელს ვუშლით წარმატებით გადაამუშაოს დღის განმავლობაში მიღებული განცდები და ემოციები.  გარდა იმისა, რომ ადამიანი აკლდება აღნიშნული „გონებრივი დასვენების“ დროს ინტერნეტსივრცეში „გართობისას“ ის უმეტესწილად ნეგატიური ინფორმაციის შემცველ ამბებს აწყდება. უფრო მეტიც, სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენ ყოველდღიურად სხვა ადამიანების „იდეალურ“ ცხოვრებას ვათვალიერებთ, რასაც ქვეცნობიერ წნეხამდე  – საბოლოოდ კი, მნიშვნელოვანი არასტაბილურობისა და უსარგებლობის გრძნობამდე მივყავართ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ აღნიშნული პრობლემა უცვლელი ტემპით განაგრძობს არსებობას , უახლოეს მომავალში საზოგადოების უმეტესობა დეპრესიის ან პანიკური აშლილობის რომელიმე ფორმის ქვეშ აღმოჩნდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება არ გამოვავლინოთ და ჯანმრთელი ცხოვრების სტილით ვიცხოვროთ.

მოამზადა, ანა ასათიანმა