ძირითადი სიტყვები : თავისუფლება, სიციალური განწყობა, სიტუაციური განწყობა, დისპოზიციური განწყობა, განწყობათა მტევანი, ნებელობა, თავისუფალი ადამიანი, დამორჩილებული ადამიანი.

ადამიანში ერთერთი ყველაზე ადამიანური მოვლენა, თავისუფლება და მის საფუძველზე განხორციელებული ქცევაა. ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ყველაზე მომხიბვლელი და დაფასებული თავისუფლების კატეგორიაა. მიუხედავად იმისა, რომ კცობრიობის გენია სულის უფსკრულში და ვარსკვლავების სიშორეში გაიჭრა ყველაზე სახელმოხვეჭილი ავტორები და თეორიებიც მხოლოდ მწირედ ახასიათებენ თავისუფლების რაობასა და შინაარს. არადა სიცოცხლის არსი და აზარტიც სწორედ ადამიანური თავისუფლების აზრობრივსა და ქცევით განხორციელებაშია. რას ეყრდნობა თავისუფალი ქცევა? განწყობის თეორიის განვითარების დღევანდელი დონე ჩვენი აზრით შემძლეა პასუხი გასცეს კაცობრიობის  ამ ერთგვარ თავსატეხს.

ადამიანის თავისუფალი ქცევის განხილვისას პიროვნების ისეთ საქმიანობას მიიჩნევენ, რომელიც საგნობრივი გარემოდან მომდინარე მიზეზით არ ხორციელდება. თავისუფალ ქცევად არც შინაგან ბიოლოგიური მოთხოვნილების მიზეზით დამაკმაყოფილებელი ქცევა იგულისხმება.

თავისუფლების შესახებ არსებობს მცდარი შეხედულებები. ასე მაგალითად, გამოთქმაში: `ჩიტივით თავისუფალია~, იგულისხმება, რომ ფრინველს სადაც უნდა იქით მიფრინავს და ეს გარემოს ზემოქმედებით არ არის გამოწვეული, ამიტომ თითქოსდა ჩიტი თავის ქცევაში თავისუფალია. რეალურად, ფრენის მიმართულება გარეგანი ფაქტორებით და შინაგანი ბიოლოგიური მოთხოვნილებებითაა გაპირობებული, რაც მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის არსებობას ნიშნავს; ხოლო თავისუფალი ქცევა თავისი არსით ასეთი მიზეზ-შედეგობრივი მიმართებით არ ხასიათდება.

აზრს თავისუფლების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებაში, ამიტომ ადამიანები ენაში გააზრებით, ხან კი ინტუიტურად გამოხატავენ თავისუფლების აზრსა და ფუნქციას. თავად სიტყვაში `თავისუფლება~, საინტერესო აზრია ჩადებული – იგულისხმება, რომ თავისუფალი ადამიანი გარკვეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვრავს თავისი ქცევის აღმოცენებასა და მიმდინარეობას. თითქოსდა ადამიანი თავისი ქცევიუს ისეთივე წარმმართველია, როგორც უფალი; ასეთი ადამიანი თავისი თავის უფალია, ქცევის დამოუკიდებლად წარმართველია, თავისუფალია. ამას გამოხატავს `თავისუფლება~, სიტყვის ლინგვისტური მნიშვნელობა.

ამ შეხედულებაში ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ ადამიანს უფლის სახელი მიეწერება თავისი ქცევის და არა სხვისი ქცევის წარმართვის დროს. სხვისი ქცევის წარმართვისას იგი არაა თავისუფალი, ასევე იგი არაა თავისუფალი, როდესაც მის ქცევას სხვები წარმართავენ. თავისუფლებას ასეთი აზრი და მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და ქცევის, აქტივობის წარმმართველია. ადამიანი კარგავას თავისუფლებას, როდესაც ის სხვისი ქცევის განმსაზღვრელი და წარმმართველი ხდება და მაშინაც,  როდესაც მისი ქცევა სხვის მიერ იმართება. ამ საკითხების საინტერესო განხილვას იძლევა ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი. საკითხის შემდგომი განხილვა იმის გარკვევასაც მოითხოვს, თუ რა  იგულისხმება მეცნიერული თვალსაზრისით სიტყვა უფალში, როდესაც ის ადამიანის თვითაქტივობის წყაროდ არის მიჩნეული.

თავისუფლების ბუნების მეცნიერული დახასიათებისთვის მკვლევარები ზოგჯერ კოგნიტივისტურ შეხედულებას მიმართავენ. ფსიქიკის გაგების პროცესში ამ თვალსაზრისის დამცველებს კოგნიცია, სუბიექტის მიერ რეალობის ისეთ ასახვად მიაჩნიათ, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ობიექტური მიზეზების გარეშე ასახვის საფუძველზე წარმართოს თავისუფალი ქცევა.

ჩვენი აზრით, ცოცხალ ინდივიდს განცდის საფუძველზე განწყობის გარეშე არ შეუძლია სინამდვილის ასახვა და მის ნიადაგზე გარკვეული მოქმედებების წარმართვა. მით უმეტრეს ეს ითქმნის პიროვნების მიერ თავისუფალი ქცევის განხორციელებისას.

ბოლო დროის თვალსაზრისი, რომ კოგნიციით აღძრული შეხედულებები განსაზღვრავენ ადამიანის თავისუფალ ქცევას, დიმიტრი უზნაძის აზრის არასწორ გაგებას ეყრდნობა. შეხედულება, რომ განწყობის აღმოცენება საგნობრივი გარემოს და მოთხოვნილებების აღქმის და კოგნიციის შედეგად ჩნდება, არასწორია. განწყობის შემნქმნელი საგნობრივი სინამდვილე და მოთხონვილება ცოცხალ ორგანიზმზე ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს. ამ ფიზიკური ფაქტორების გავლენის შედეგად ინდივიდში იქმნება ქცევისადმი მზაობა და ისინი ქცევის მომართვაში აისახებიან როგორც ფსიქიკურ მოვლენაში _ განწყობაში. ეს დებულება ჰქოპნდა  უზნაძეს მხედველობაში, როდესაც განწყობის ფაქტორებს, როგორც `აღქმის~ პროცესებს, ბრჭყალებში მოიხსენიებდა.

ცოცხალი ინდივიდი განწყობის საშუალებით უკავშირდება სინამდვილეს. განწყობის ფორმირება შესაძლებელი ხდება, როდესაც ცოცხალი ინდივიდი საგნის ზემოქმედებას დისტანციაზე იღებს, შეუძლია მოძრაობა და მასთან მისვლა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტორები ერთიანდებიან და ქმნიან ფსიქიკურ მდგომარეობას _ განწყობას, რომელშიც მომზადებულია საჭირო საგნის წვდომის ოპერაციული შესაძლებლობები.

განწყობის როგორც პირველადი ფსიქიკური მოვლენის ჩამოყალიბება მოხდა მას შემდეგ, როცა ორგანიზმში კომპლექსურად ერთობლიობაში მოხერხდა მანძილზე საჭირო საგნის ზემოქმედების მიღება, მოძრაობის უნარი, ობიექტთან მისვლის საშუალება და იმ საგნების მოხმარება, რომელიც მისი სიცოცხლისათვის საჭიროა.

განწყობის ფენომენის აღმოცენებამდე ორგანიზმები სასიცოცხლო  ნივთიერების მასაში ცხოვრობდნენ. საკვების გათავების შემთხვევაში ცოცხალი არაფსიქიკური ორგანიზმები იღუპებიან ან ჰაერს, წყალს და სხვა საშუალებებს გადააქვთ ახალ სასიცოცხლო გარემოში.

ზოგიერთ ცოცხალ ორგანიზმებთან, რომელთაც გადაადგილების საშუალება არ ჰქონდათ, გაგრძელდა სასიცოცხლო პროცესები. მაგალითად, მცენარეებთან განწყობის ფორმირების გარეშე ხორციელდება სასიცოცხლო პროცესები, რაც მზის, წყლის, ჰაერის, მიწასთან კონტაქტის მეშვებით ხდება. ცოცხალმა ინდივიდებმა განწყობის საფუძველზე, ფსიქიკური პროცესების დახმარებით შეძლეს სიცოცხლის შენარჩუნება და განვითარება. განწყობის აღმოცენება ცოიცხალ ორგანიზმებში რთული და ვრცელი ევოლუციური პროცესის შედეგი იყო. განწყობის მოვლენის მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმები ჩაერთვნენ სიცოცხლის პროცესის განვითარებაში და მათი აქტივობა ფიზიკური და ფსიქიკური სახის ზეგავლენით ხორციელდება. ამგვარი სიცოცხლე ისევ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების საფუძველზე მიმდინარეობს, ის დეტერმინირებულია და არ გულისხმობს თავისუფალი ქცევის არსებობას. თავისუფალი ქცევა მხოლოდ ადამიანთან ურთიერთობის პროცესში სოციალური აქტივობის დონეზე იწყება. ადამიანთა ურთიერთობის პროცესში, მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ხდება. ამ დროს იქმნება ურთიერთობის ახალი ფორმები, რომლებიც ადამიანს სინამდვილესთან, სოციალურ გარემოსთან, ახალი ამოცანების წინაშე აყენებს.

პიროვნების საქმიანობა მხოლოდ საგნობრივი გარემოთი არაა გაპირობებული. მასში პიროვნებას თავისი უნიკალური წვლილი შეაქვს.

თავისუფლების ფენომენის გაგებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება განწყობის უმაღლესი დონის სოციალური განწყობის ბუნების გარკვევას. სოციალური განწობის ფაქტორთა დახასიათების დროს ნათლად ჩანს, რომ ისინი სოციალურ გარემოში აღმოცენებული მოვლენებია. სოციალური განწყობის შინაგან ფაქტორს პიროვნების მოთხოვნა წარმოადგენს. მის საფუძველზე პიროვნება  საგნობრივი შინაარსის მქონე მოვლენების მოპოვებას და მოხმარებას არ ახდენს. ასევე სოციალური ბუნებისაა ამ განწყობის მეორე ფაქტორი, სოციალური გარემოს თანხმობა პიროვნების მოთხოვნისადმი. ამ დონის პიროვნება სასიცოცხლო მოთხოვნილებების მქონე საგნების მოპოვებაზე არაა მიმართული. ის სოციალურ სინამდვილეში ერთვება და მასთან მიმართებაში აღწევს თავის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ის სოციალურ გარემოში ჩართვით ახერხებს საკუთარი სოციალური მოთხოვნის შესრულებას. სოციალური განწყობის მესამე ფაქტორი სოციალური ქცევის ოპერაცტიული შესაძლებლობები ისეთი ქცევის განხორციელებას ემსახურება, რომლის საფუძველზე პიროვნება სოციალურ სინამდვილეში ერთვება. ასეთია პიროვნული განწყობის შინაარსი. ამგვარი სოციალური შინაარსით ხასიათდება სოციალური განწყობა. სოციუმის მოთხოვნა პიროვნების თანხმობა და ქცევის ოპერაციული შესაძლებლობები ამ შემთხვევაშიც წმინდა სოციალური შინაარსებით ხასიათდება. ამ ფაქტორებისა და კომპონენტების საფუძველზე აგებული სოციალური განწყობა ძირითადად პიროვნების  აქტივბოის საფუძველზე ფორმირდება. სოციალური ფაქტორების მოძებნა და მათი განწყობის კომპონენტებად ფორმირება საგნობრივი შინაარსების მინიმალურ გამოყენებას მოითხოვს. იმის გამო, რომ მათში საგნობრივი შინააარსების გარკვეული ელემენტებია გამოყენებული, საფიქრებელია, ამ განწყობის ამოქმედებაში საგნობრივ შინაარსებს ეძლევათ გარკვეუყლი როლი, იმისდა მიხედვით, თუ რომელ გარემოშია სოციალური განწყობა აღმოცენდებული და რეალიზირდებული.

სიტუაციური სოციალური განწყობა სწორედ ასეთ პირობებში იქმნება და მოქმედებს. ამიტომ მისი მოქმედება შეიძლება ვიფიქროთ რომ გარკვეული დოზით სიტუაციაში არსებული საგნობრივი ფაქტორებითაა გამოწვეული. იგივე ითქმის  სოციალური დისპოზიციური განწყობების შესახებ. მათი ქცევის საფუძვლად გამოყენება ადამიანის აქტივობითაა განსაზღვრული. მიუხედავად ამისა  თავისუფალი მოქმედების უნარი არც დისპოზიციური განწყობების საფუძველზე ხორციელდება, რადგან ერთის მხრივ ამგვარ განმტკიცებულ განწყობას შეიძლება საერთო არაფერი ჰქონდეს პიროვნულ ფასეულობებთან. მეორეს მხრივ ის თავისუფალ ქცევად არ ჩაითვლება თუ ქცევა არჩევანის გარეშე ინერციით სრულდება, მხოლოდ იმის გამო, რომ ის დისპოზიციურია. არჩევანის ფაქტს თავისუფალი ქცევის განხორციელებისას სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მართალია სიტუაციური განწყობა გარკვეულ ვითარებაში იქმნება და მის ფორმირებაში სიტუაციის პირობები იღებს მონაწილეობას, მაგრამ ძნელია ვიფიქროთ, რომ დეტერმინანტის როლში გამოდიან; ისინი, როგორც სიტუაციაში არსებული საგნობრივი მონაცემები, გამოყენებელი იქნებიან, თუ არა სიტუაციური განწყობის ფორმირებაში, ეს თავისუფალი არჩევანითაა გაპირობებული. ზოგჯერ, როდესაც ეს სიტუაციური ძალები თვითონ პიროვნების გარეშე აღძრავენ ქცევის განწყობას, მის საფუძველზე განხორციელებული მოქმედება შეიძლება თავისუფალ ქცევად არ ჩაითვალოს, რადგან ის ზოგჯერ დეტერმინირებულია გარეშე ფაქტორებით. ამ ძალების გამოყენებისადმი თანხმობა, შეიძლება არ ჩაითვალოს თავისუფალი ქცვევის პირობად.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციური განწყობის საფუძველზე განხორციელებული აქტივობა, რომელიც თავისუფალ ქცევად ითვლება, სინამდვილეში გარე ფაქტორებით იყოს დეტერმინირებული, მაშინ სიტუაციური განწყობით განხორციელებული ქცევა თავისუფალ ქცევად არ ჩაითვლება.

თავისუფალი ქცევის გაგებისთვის საჭიროა განვიხილოთ სოციალური განწყობის ის თვისება, რომელიც მოვლენებისადმი დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულებით, ვალენტობით ხასიათდება. დადებითი და უარყოფითი განწყობები პიროვნებაში გარკვეული პრინციპით ლაგდებიან. განწყობათა მტევნის ცენტრში პიროვნებისთვის უმნიშვნელოვანესი განწყობებია თავმოყრილი, ხოლო მტევნის პერიფერიაში პიროვნებისთვის ნაკლები მნიშვნელობის განწყობები ლაგდებიან. ამგვარადაა აგებული პიროვნების აქტივობის სპეციფიკური ბირთვი. ზემოთ აღწერილი საეჭვო ვითარებებისაგან განსხვავებულია ქცევა, რომელიც გარკვეულ პიროვნული განწყობების საფუძველზე სრულდება. პიროვნების ფსიქიკური აქტივობის პროცესში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ის განწყობათა სისტემიდან ირჩევს ერთერთს არსებული ვითარებისათვის მისი აზრით შესატყვისს, ესწ მტევანი არსებით როლს თამაშობს თავისუფალი ქცევის განხორციელების დროს. როდესაც პიროვნება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდება, ის განწყობათა მტევნის მიხედვით ახდენს ქცევის შერჩევას. კონფლიქტური ქცევის განწყობებიდან პიროვნება სამოქმედოდ ირჩევს ქცევას, რომლის უფრო შეესატყვისება  საკუთარ პიროვნულ განწყობათა მტევნის მოდელს. პიროვნება ამგვარ არჩევანს აკეთებს თავისუფალ ქცევისას.

თავისუფალი ქცევის განხორციელებისთვის მნიშვნელობა როგორც ვხედავთ, პიროვნულ არჩევანს ეკისრება. დეტერმინირებული ქცევის აღძვრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ობიექტური სტიმულის ზემოქმედებას ეკუთვნის. ამისგან განსხვავებით არჩევანი, რომელიც პიროვნული ფასეულობიდან გამომდინარეობს ერთ-ერთი სერიოზული ფსიქიკური აქტივობაა, რომლის განხორციელებაც მხოლოდ პიროვნებას შეუძლია.

სამწუხაროდ, არჩევანში ხშირად ისეთი ქცევაზე კეთდება, რომლის დროსაც პასუხი მეტი სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანზეა მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეაქცია არა პიროვნების მიერ ამორჩეულ ობიექტზეა გაკეთებული, არამედ საგანზე,  რომელსაც ობიექტურად მეტი სასიცოცხლო  მნიშვნელობა აქვს.

ახლა ჩვენს წინაშე დგას ამოცანა გავარკვიოთ თუ რა სტრუქტურის მქონეა პიროვნება, რომელიც არჩევანს ანხორციელებს. როგორც ადრე აღვნიშნეთ, პიროვნებას სოციალურ ვითარებაში უყალიბდება განწყობათა სისტემები,  ეგრეთ წოდებული მტევნები. სოციალური განწყობა, გარკვეული საგნებისა და მოვლენების, ადამიანის მიმართ დადებით და უარყოფით დამოკიდებულებას გულისხმობს. ისინი პიროვნების ქცევას მათი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო კი არ იწვევენ, არამედ იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებლება, ვალნტობა აქვს მათ მიმართ პიროვნებას. ამით პიროვნება დამოუკიდებული ხდება გარკვეულ საგანთა სასიცოცხლო მნიშვნელობებისაგან.

საგნებს პიროვნება მათზე მინიჭებული ვალენტობის მნიშვნელობით იყენებს. პიროვნების განვითარების პროცესში სოციალური განწყობის გავლენით თადათან ფართოვდება სოცილაური ღირებულების მქონე საგანთა ერთობლიობა. სამყარო პიროვნულ მიმართებათა ელფერს იძენს, რომელშიც ორიენტირება, პიროვნული ფასეულობების მხრივ კეთდება და არა ფიზიკური მიზეზ შედეგობრიობის, ბიოლოგიური მოთხოვნილების, ან გარე სოციალური გავლენების საფუძველზე. ადამიანისთვის ეს რეალობა მხოლოდ გარკვეული განვითარების დონეზე იქმნება, რომელსაც ჩვენ პიროვნულ დონედ მივიჩნევთ.

პიროვნება თავისუფალ ქცევას მაშინ ანხორციელებს, როდესაც იგი ამორჩევას და აქტუალიზაციას ახდენს, იმ პიროვნული  განწყობათა მტევნიდან, რომლის ცენტრშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობის მქონე განწყობებია მოთავსებული. ირჩევს იმგვარ განწყობებს რომლებიც სუბიექტურად მტევნის ცენტრთან ახლო მყოფად განიცდება. ის ირჩევს ალტერნატიულიდან მისთვის ღირებულ ზოგიერთ სოციალურ განწყობას და მის საფუძველზე აქტივობს. ამით იგი თავის პიროვნულ მოქმედებას აგრძელებს. პიროვნებაის ქცევა ამ დროს საკუთარი განწყობათა მტევნითაა ინიციირებული. ასეთი თავისუფალი ქცევა იმპულსურისგან განსხვავებით ქმნის პიროვნების ისტორიას.

სოციალური აქტივობის სფეროში პიროვნება ხშირად საგნობრივი ზემოქმედების გარეშე ანხორციელებს მოქმედებას, რაც მისი პიროვნული მტევნის განწყობის შესატყვისია და ის სოციალური მოთხონების, მორალის მიხედვით ხორციელდება. პიროვნება მომწიფების პერიოდში მრავალ ასეთ ქცევას ანხორციელებს. ეს საგნობრივი ზემოქმედებით კი არ არის გამოწვეული, არამედ ის ინტერნალიზებული სოციალური მოთხოვნების საფუძველზე მიმდინარეობს.  ასეთი დამოუკიდებელი სოციალური ქცევები პიროვნების ფორმირების პროცესში თანდათან მრავლდება. პიროვნების ჩამოყალიბება ასეთი დამოუკიდებელი ქცევების გაერთიანების გზით ხდება. თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება დამოუკიდებელი სოციალური ქცევების და მათი შესატყვისი განწყობების გაერთიანების გზით იქმნება. პიროვნება მაშინ იქცევა თავისუფალ არსებად, როცა მის მიერ ფორმირებული განწყობები ერთი თავსებადი სისტემის სახით იკრიბებიან და ფიზიკური და სოციალური გარემოს ზემოქმედებას ამ სისტემის ამოქმედებით პასუხობს. პიროვნების ფორმირება, მისი თავისუფალი აქტივობა დამოუკიდებელი ქცევების ერთობლიობით არ ამოიწურება, მათი გაერთიანებით იქმნება პირვნების თავისუფალ არსებად ჩამოყალიბების პირობა. ასეთი თავსებადი განწყობების სისტემიდან გარემოზე საპასუხოდ ხდება გარკვეული განწყობის ამორჩევა და მისი შესატყვისი ქცევის განხორციელება. ამგვარი ქცევის განხორციელების დროს არსებობს საფუძველი, რომ პიროვნებამ შერჩეული განწყობის, და მის საფუძველზე განხორიელებულ ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ფსიქიკური აქტივობის ეს სტრუქტურა პიროვნებას შესაძლებლობას აძლევს ჩამოაყალიბოს  უფლება-მოვალეობათა სისტემა, რომლის განხორციელება და დაცვა მას თავისუფლებას ანიჭებს. ამ პროცესში განწყობათა საფუძველზე პიროვნება იყენებს ისეთ ფსიქიკურ უნარებს, როგორიცაა ნებისყოფა, მიზანი, შემოქმედება; ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის თავისუფლება რეალიზირდება სინამდვილეში, რომელიც ფორმირებლია საგნობრივი და სოციალური გარემოს ურთიერთობის საფუძველზე. განწყობა, რომელიც ასეთი პროცესის საფუძვლად იქმნება, ითვალისწინებს საგანზე მოთხოვნილებებს და სოციალურ მოთხვნებს. ამიტომ თავისუფალ სოციალურ ქცევაში შესატყვისად არის გამოყენებული როგორც სინამდვილის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ასევე  ადამიანის მიზნები და ამოცანები. სოციალუი განწყობა პიროვნებას შესაძლებობას აძლევს რეალობაში არსებული საგნობრივი მონაცემები და პიროვნების მიზნობრივი შინაარსები ერთ მთლიან პიროვნულ ქცევაში გააერთიანოს.

თავისუფალი ქცევის შესაძლებელობა პიროვნებას იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ მას მძლავრი დისპოზიციური განწყობების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული. ასეთი მძლავრი განწყობათა მტევნის ჩამოყალიბებება შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წევრია. ის ითავისებს ამ ჯგუფის პიროვნულ დისპოზიციურ განწყობებს და თავის მხრივ წვლილი შეაქვს ამ განწყობების შექმნა _განვითარებაში.

განწყობათა ასეთი სისტემის განმტკიცებაზე გავლენას ახდენს, თუ პიროვნება თავის ჯგუფში აქტიური ლიდერის როლს თამაშობს და ამ ჯგუფის განმტკიცება-განვითარებაში თაივსი წვლილი შეაქვს.

ფსიქიკის შინაგანი ძალების განმტკიცებაში თავისუფალი ქცევის განხორციელების უნარს აძლიერებს, თუკი პიროვნება ახერხებს ჯგუფის მრავალასპექტიანი ტენდენციების გაერთიანებას განწყობათა თავსებად სისტემაში. ასეთ პირობებში პიროვნება ახდენს კონფლიქტურ სიტუაციებში თავისი ორიენტაციის გამოკვეთას და გატარებას.

თავისუფალ ადამიანთა ერთობლიობა, ერთი შეხედვით შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ზრდის ერთმანეთს შორის დაპირისპირებას და ზღუდავს თითოეულის თავისუფალი ქცევის განხორცილებას. სინამდვილეში ამ დროს ადგილი აქვს სოციალურ ჯგუფში უფლება-მოვალეობის ჩამოყალიბებას, რაც ზრდის ჯგუფში შემავალ პიროვნებათა თავისუფლებას. ამ ვითარებაში ხდება ადამიანთა შორის პასუხისმგებლობის გაძლიერება, რითაც პიროვნება თავისუფალი ქცევის ორიენტაციის დაცვას და რეალიზაციას ანხორციელებს. ეს პროცესები უდევს საფუძვლად პიროვნების სოციალობას, ამიტომ თავისუფალი პიროვნებები არსით არ არიან ურთიერთდაპირისპირებულნი და ერთმანეთში ურთიერთმიმართებით ქმნიან თავისუფალ საზოგადოებას. ამგვარ პიროვნებათა კომუნიკაციის პროცესში იქმნება თავისუფალი საზოგადოება, რომელიც  ბასიზური განწყობების თვალსაზრისით თავსებადობით ხასიათდება, ამიტმო მათ მოქმედებაში როგორც წესი, არ ჩნდება გადაულახავი წინააღმდეგობები. თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების პროცესში ზოგჯერ ადგილი აქვს საწინააღმდეგო, არათავსებადი განწყობების გაჩენასაც, რაც საზოგადოების წევრ პიროვნებებში საკუთარი შეხედულებების, განწყობების გადასინჯვას, რეორგანიზაციას მოითხოვს. ამგვარი წინააღმდეგობა კი თავის მხრივ საზოგადოების სრულყოფა-განვითარებასა  და დახვეწას უწყობს ხელს.

თავისუფლებას თავისი ისტორია აქვს; კაცობრიობის ადრეულ საფეხურებზე, როდესაც ადამიანები წოდებრივი თვალსაზრისით განსხვავდებოდნენ, ისინი თავისი უფლების გამოყენებას გარკვეული დონით ახერხებდნენ. თავისუფლებას იმ დროს იგივე შინაარსი არ ჰქონდა, რაც ახლა პიროვნულ თავისუფლებაში მოიაზრება. მაშინ ადამიანი თავისი უფლება-მოავალეობის ფარგლებში იყო თავისუფალი. უფლება-მოვალეობის დაახლოებით ერთნაირი დონე შეიძინეს ათენის მოქალაქეებმა ძველ საბერძნეთში და ამ დროიდან იწყება დემოკრატიზაციის ისტორია. ათენის მოქალაქეების გვერდით იყვნენ მონები, რომელთაც ადამიანური უფლება-მოვალეობები არ ჰქონდათ და ამიტომ ისინი არც იყვნენ თავისუფალი მოქალაქენი. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს არისტოტელე მონას ადამიანად არც განიხილავდა. მისი თქმით მონა არ არის ადამიანი, რადგან არ არის თავისუფალი. თავისუფლების იდეა ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთან. თავისუფლების თვისება ადამიანის გარდა მხოლოდ ერს გააჩნია, რადგან იგი ისეთივე სულიერი არსებად განიხილება, როგორც ადამიანი. თავისუფლების იდეამ მხოლოდ მაშინ მიიღო ბოლომდე გაცნობიერებული შინაარსი, როდესაც პირველად საფრანგეთის რევოლუციის დროს ადამიანებმა მიიღეს ავტონომიური უფლებები, უდავოდ მნიშვნელოვნების მქონე აქტად უნდა მივიჩნიოთ მოვლენა, როდესაც ამერიკაში ანრი კარენმა და ელეონორა რუზველტმა დაწერეს ადამიანთა უფლების, მოვალეობისა და თავისუფლების ქარტია. ერის თავისუფლების შესახებ ასევე ნათელი შეხედულება ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. პიროვნების თავისუფალ ქცევას როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული განწყობა უდევს საფუძვლად. ერები ურთიერთობის პროცესში, ისევე, როგორც პიროვნებები, გრაკვეულ ქცევებს ანხორციელებენ, რომელთაც განწყობა უდევთ საფუძვლად. ჩვენ ადრე ლაიკერტის სკალის მეშვეობით გამოვიკვლიეთ ქართველი ხალხის განწყობა სხვა ერების მიმართ. კერძოდ, რუსების, ოსების,  და სხვა ეთნოსებისადმი. ენაც ჩვენი ერის სხვებისადმი შესაძლო ქცევის გამომხატველია. ეროვნული განწყობა ისევე, როგორც ადამიანური, სამი ფაქტორის საფუძველზე ყალიბდება. ერთ ერთ ფაქტორს სხვა ერისსადმი მოთხოვნები წარმოადგენს. მეროე ფაქტორს სხვა ერის თანხმობა-უთანხმოება წარმოადგენს ამ ერის მოთხონის მიმართ. ხოლო მესამე ფაქტორს ის სახელმწიფოებრივი აქტები, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოთა ურთიერთობის პროცესში გამოიყენებიან.

ერი თავისუფალ მოქმედებას მაშინ ანხორციელებს, როდესაც თავისი განწყობების სისტემიდან ისეთ განწყობას და მოქმედებას ამოარჩევს და იყენებს, რაც მის თავსებად განწყობათა სისტემას შეესაბამება. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლება არის სულიერი არსების თვისება, რომლის ქცვასაც სპეციფიკური განწყობა  და განწყობათა მტევანი უდევს საფუძვლად.

პიროვნების და ერის მიერ თავისუფალი ქცევა ხორციელდება მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ უფლება-მოვალეობას ანხორციელებენ. პიროვნება სხვა პიროვნებებთან და ერთან მიმართებაში ანხორციელებს თავის საქმიანობას, ხოლო ერი მაშინ მოქმედეებს თავისუფლად, როდესაც ის სხვა ერებთან და პიროვნებებთან ურთიერთობაში ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს. თავისუფალ ქცევას პიროვნება ანხორციელებს, ხოლო ერი იმ პერსონიფიცირებული პიროვნებათა საშუალებით მოქმედებს, რომლებიც ეროვნული სახელმწიფოს ხელისუფლების როლს თამაშობენ.

თავისუფლების საფუძველზე ადამიანები თავის აქტივობაში მომავალს რთავენ და ახერხებენ მოწყდნენ აწმყოს მიჯაჭვულობას. მიზნმის საფუძვლეზე თავისუფლების მქონე ადამიანი თავის აქტივობაში  პროსპექტული ქცევების დამგეგმავი ხდება. მას შესაძლებლობა ექმნება ის მოთხოვნილებები, რომლებიც აწმყოში არ სრულდებიან, მომავალში განახორციელონ და ამით მიზანდასახული ქცევის ჯაჭი ააგონ. ამგვარად, ისინი მომავალში განსახორციელებელი ქცევის საფუძვლებს ქმნიან. ასეთი ქცევის განხორციელებისას კი ოპერაციული შესაძლებლობების რიცხვს წარმოსახვის უნარი ემატება. ამ მონაცემების საშუალებით თავისუფალი აქტივობის დონეზე იქმნება მიზანშეწონილი ქცევის განწყობა.

თავისუფალ ქცევის უნარი პიროვნებას შესაძლებლობას აძლევს გამოიჩინოს ინიციატივა ისეთი საკითხების გადაწყვეტისა, რომლებიც საზოგადოებას სოციალური კონფლიქტების დაძლევის საშუალებას აძლევს.

მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია პიროვნული ფასეულობის მქონე ინიციატივის გამოჩენა.

შემოქმედება მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს, რადგან ის ახალი სინამდვილის შექმნაა, მას მიზეზები არ განსაზღვრავენ, არამედ ადამიანის მიზნები და ამოცანები. ამით ადამიანი წარმოსახულ რეალობაში გადადის, რომელსაც იგი თავად ქმნის; რადგან თავისუფალი ქცევა ობიექტური  მიზეზებით არ არის გაპირობებული, მის საფუძველზე განხორციელებული ქცევა და შესატყვისი სინამდვილის რეალობა ადამიანმა საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა ააგოს და დაიცვას. შედეგად ადამიანი ვალდებული ხდება ემსახუროს იმ ფასეულობებს, რომელიც თავად, ან სხვებთან თანამშრომლობით შექმნა მიიღო ან უარყო.

თავისუფალი ქცევის განწყობის შექმნაში და ქცევის განხორციელებაში მოქმედებს ისეთი ოპერაციული შესაძლებლობა, როგორიცაა ნებისყოფა. ის ადამიანს იმპულსის ტყვეობიდან ათავისუფლებს. პიროვნებას შესაძლებლბას აძლევს თავისუფალი ქცევა განახორციელოს. თავისუფალი ადამიანი უნიკალურ ფასეულობათა შემქმნელი და მატარებელი ხდება. ყოველივე ამის გამო ბუნებრივ და კულტურულ მოვლენებისაგან, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელშიც სოციუმისთვის ღირებული საგნები და მოვლენები იქმნება, ყალიბდება ფასეულობათა სისტემა, რაც თავისუფალი პიროვნების ინიციატივისა და მოქმედების შედეგია.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლება არის პიროვნების სპეციფიკური უნარი ურთიერთობა დაამყაროს რეალობასთან მიზეზ-შედეგობრივი და გამომდინარეობის კავშირების გარდა მიზნობრივი კავშირის მეშვეობით. ამგვარი ქცევის ავტორი საკუთრივ პიროვნებაა, რომლის ქცევა სპეციფიკურ დისპოზიციურ პიროვნულ განწყობათა სისტემას ეყრდნობა.

აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ერთმანეთს შევადაროთ და განვასხვავოთ თავისუფალი და დამორჩილებული ადამიანი.

თავისუფალი ადამიანი ცხოვრებას აგებს საკუთარი, სპრეციფიკური მიზნებისა და ამოცანების მიხედვით. მისი ცხოვრების გეზის განმსაზღვრელი საკუთარი მიზნებია რომლებიც პიროვნულ  დისპოზიციური განწყობებათა მტევანს ემყარება. ამგვარად ორიენტირებული პიროვნება მისთვის მისაღებ გარემოს ქმნის და მასში ცხოვრობს. ეს გარემო პიროვნებისთვის მისაღები მეგობრებით, პროფესიით, ოჯახის წევრებით, სოციალური სფეროთი იქმნება. სულ სხვაგვარად გამოიყურება დამორჩილებული ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობა. მას არ გააჩნია ცხოვვრების წარმმართველი მიზნები და ამოცანები. იგი გარეგანი და შინაგანი სიტუიაციის იმპულსების საფუძველზე მოქმედებს; მას არ გააჩნია  მყარი მიზნები და ამოცანები, მისი შესაბამისი დისპოზიციური განწყობების სისტემა. ამიტომ მისი ცხოვრება გარემოში გაბატონებული სიტუაციების და მოთხოვნების საფუძვლით წარიმართება. მათ ცხოვრებას არ გააჩნია შინგანი უნიკალური წარმმართველი მიმართულება, ვექტორი. დამორჩილეული ადამიანი მოკლებულია საკუთარი ინიციატივით მოქმედებას. ამიტომ მისი ცხოვრების მიმდინარეობა პასიურად გამოიყურება, ან იგი ელის ინიციატივას სხვისგან, გარემოდან. თავისუფალი  ადამიანი ინიციატივის უნარით ხასიათდება. ცვლილება რაც მის ცხოვრებაში ხდება უფრო მის მიერ არის განსაზრვრული, ვიდრე გარეშე ფატორებით. ამგვარ პიროვნებას გააჩნია საკუთარი ცხოვრფებისეული გზის მიმართულება და გეზი, რაც საკუთარი მიზნობრივი დისპოზიციური განწყობათა სისტემითაა ნაკარნახევი. მის ინიციატივას პიროვნული დისპოზიციური განწყობების გეშტალტი წარმოშობს და კვებავს. თავისუფალი ადამიანის ინიციატივა ადვილად და ხალისით სრულდება რადგან პიროვნული დისპოზიციური განწყობების შინაგან ჰარმონიულ მტევნიდან მომდინარეობს.

თავისუფალი ადამიანისთვის დამახასიათებელია საკუთრ ინიციატივით მოქმედებაზე, ქცევაზე  პასუხისმგებლობის აღება, რადგან ეს ქცევა მის ფასეულობებს შეესაბამება. მისი განწყობათა მტევანი თავსებადია გარკვეული ფასეულობების, ამიტომ ამ ფასეულობათა დაცვა-განხორციელებაზე ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას არსობრივად იღებს. დამორჩილებული ადამიანი სხვისი დიქტატითა და ინიციატივით მოქემდებს, ამიტომ ღირებულება, რომელიც განხორციელებულ ქცევას აქვს, საკუთრად არ მიიჩნევა, და პასუხისმგებლობას მასზე თვითონ არ იღებს. თავისუფალი ადამინისათვის დამახასიათებელია ქცევის ნებელობით საფუძველზე შესრულება, ამიტომ მის ცხოვრებაში ხშირად ხდება ნებელბის გამოყენება. შედეგად ასეთი ადამიანი ვარჯიშდება ნებისყოფის გამოყენებაში და ის ადვილად და ხშირად ასრულებს თავისუფალ ქცევას. ასეთი პიროვნების განწყობათა მტევანი სპეციფიკურ ვალენტობის მქონე ძლიერ შინაგან ველს ქმნის, რაც უადვილებს მას გადაწყვეტილებისას საკუთარ პიროვნებას დაეყრდნოს და არა მაგალითად ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს, ან გარეშე სოციალურ გავლენებს.

დამორჩილებული ადამიანი, როგორც წესი, ქცევას სხვისი წარმართვით ანხორციელებს,  მას იშვიათად უხდება ნებელობის გამოყენება; მისთვის დამახასიათებელია სიტუაციური და იმპულსური მოქმედებანი. ამიტომ იგი ვერ ანხორციელებს თავისუფალ ქცევას. მას არ გააჩნია პიროვნულად თავსებადი განწყობათა სისტემა და მისთვის სპეციფიკური განწყობათა მაორგანიზირებელი ველი.

გამსაკუთრებით აღნიშვნას მოითხოვს შემოქმედების უნარის დახასიათება. თავისუფლება მთელი თავისი ბუნებით შემოქმედების პროცესში მჟღავნდება. შემოქმედი პიროვნება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ახალ სინამდვილეს ქმნის. მისთვის აუცილებელია სინამდვილის უშუალო ზემოქმედბისაგან განთავისუფლება. სინამდვილე, რომელსაც იგი ქმნის, სულიერ ფასეუილობებზე აიგება. ცხოვრება, რომელიც ხელოვნებაშია წარმოადგენილი, ძირითადად ეთიკურ და ესთეტიკურ ღირებულებების საფუძველზე ყალიბდება. თაივსუფლება არის ის ძირითადი ფსიქიკური უნარი, რომელიც შემოქმედების ნიჭთან ერთად  ახალ წარმოსახულ ანთროპულ რეალოობას ქმნის.

თავისუფლებას მოკლებული დამორჩილებული ადამინი, უძლურია შექმნას ესთეტიკურ-მორალური ღირებულების მქონე ახალი სინამდვილე, რადგან მას არ შეუძლია სინამდვილის იმპულსების ზეგაველნისაგან განთავისუფლება და არ გააჩნიათ მტკიცე პიროვნული დისპოზიციური განწყობები, რომ თავისუფალ ქცევაში გამოხატოს. არ ძალუძს საკუთარი სიღრმიდან მომდინარე სოციალურ-დისპოზიციური განწყობების შემოქმედებაში აქტივაცია.

დასასრულს გვინდა ვთქვათ, თავისუფალი ადამიანი ერთ მთელ დისპოზიციურ განწყობათა მტევანს, გეშტალტს განასხიერებს, რომლის პიროვნული აქტივობა თავისუფალ ქცევებში რეალიზირდება. ასეთი პიროვნებები ქმნიან საკუთარ და საზოგადოებრივ ღირსშესანიშნავ, ფასეულობის მქონე ისტორიას. აღწევენ პირად და საკაცობრიო პროგრესს. ქმნიან კაცობრიობის მომავალს.

რეზიუმე

დიმიტრი ნადირაშვილი, შოთა ნადირაშვილი

თავისუფალი ქცევის განწყობა და მისი საფუძვლები

ადამიანში ერთერთი ყველაზე ადამიანური ფენომენი, თავისუფლება და მის საფუძველზე განხორციელებული ქცევაა. პიროვნება მაშინ იქცევა თავისუფალ არსებად, როცა მის მიერ ფორმირებული განწყობები ერთი თავსებადი სისტემის სახით იკრიბებიან და ფიზიკური და სოციალური გარემოს ზემოქმედებას ამ სისტემის ამოქმედებით პასუხობს. პიროვნება თავისუფალ ქცევას მაშინ ანხორციელებს, როდესაც იგი ამორჩევას და აქტუალიზაციას ახდენს, იმ პიროვნული  განწყობათა მტევნიდან, რომლის ცენტრშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობის მქონე განწყობებია მოთავსებული. ირჩევს იმგვარ განწყობებს რომლებიც სუბიექტურად მტევნის ცენტრთან ახლო მყოფად განიცდება. ის ირჩევს ალტერნატიულიდან მისთვის ღირებულ ზოგიერთ სოციალურ განწყობას და მის საფუძველზე აქტივობს. ამით იგი თავის პიროვნულ მოქმედებას აგრძელებს. პიროვნების ქცევა ამ დროს საკუთარი განწყობათა მტევნითაა ინიციირებული. ასეთი თავისუფალი ქცევა იმპულსურისგან განსხვავებით ქმნის პიროვნების ისტორიას.

 

                   დიმიტრი ნადირაშვილი, შოთა ნადირაშვილი